ბაჩანა ჩაბრაძე - ამაოება ამაოებათა


პოეტი ბაჩანა ჩაბრაძე კითხულობს საკუთარ ლექსს \"ამაოება ამაოებათა\".
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020
წყარო:    • Video  

ამაოება ამაოებათა

წარსული მომავლით დაობლდა.
ტყუოდა, ვინც მასთან დავობდა,
იმ დროის ხახაში დაობდა
ებანი.
არ არის ვარსკვლავთა და-ძმობით,
ქიმერულ ღამეთა ანცობით
და უბედურებით ნაცნობი
შვებანი.

მიწაზე, სიცივე მწვერვალთა
რად იყო უდაბნოს ღელვა და
აღგზნება ცეცხლების ელვათა
და მეხთა?
ოაზისს საიდან მოველი?!
აქ არის ამაო ყოველი!
სუყველა დარდჩამომთოველი
დამიხვდა.

ქარია ჩემი, თუ სულია,
დამთავრდა და გარდასულია.
სიზმარიც დაიმსხვრა სრულიად
ლანდებად!
მათოვდა - მაწვენდა, მაწვიმდა...
გაცივდა, უდაბნოც გაცივდა.
ისიც, რას ტკივილი გაცრიდა,
მადნება.

და შენიც აიმღვრა თუ ყურე,
სანამდე გინდა, რომ უყურო -
მსოფლიო უთვალო, უყურო
ხარობდეს?!
იღვრება შხამად და გესლებად!
მე მისთვის აროდეს მეცლება,
ჩემთანაც არ შემოესვლება
აროდეს.

მაღლიდან დავცქერი დაბლარებს -
ვინ - ქვესკნელს, ვინ ზესკნელს აბრალებს...
და თოვლო, შენც ვეღარ ნაპრალებს
დამითოვ.
მე მართლა ვერავინ გამიგებს,
ვერც - კაცი, ვერც - ბედის გამრიგე.
ავიგე, სამყარო ავიგე
ამიტომ!

ყოველი რომ გა-ა-ათასდა,
ნაპირს კი ვერავინ გადასცდა,
ვინ იცნობს შორიდან მართლაც და
გარიყულს?!
და თუმცა მსოფლიოს მოედო,
რომ უფალს სჭირდები ნოედო,
დუმილი! კრინტიც კი, პოეტო,
არ იყოს!

ბაჩანა ჩაბრაძე
კრებულიდან \"მთვარის სიმთვრალე\", მერანი 1996.

ბმული ავტორის ტექსტებისკენ: https://armuri.georgianforum.com/t107...

***
Vanity to ignore
The verse by Bachana Chabradzé (in Georgian)
This clip is made with: Nocturne in B-flat minor, Op. 9, No. 1 - Played by Vadim Chaimovich.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ვიდეოები „B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე"-ისგან