3

06/16/2018
Dare Sumbadze-ის მიერ

3

და ხილვა უფრო ნათელია. გაამირაჟებს
დღევანდელ ამინდს: დათარეშობს ქარი ფარულად,
მფრთხალი ქალაქი აკრეფილა და გაპარულა.
ხილვა კი უფრო ნათელია: მტერთა ბლინდაჟებს
უახლოვდება. “ომის ღმერთებს შეხსნეს ავშარა”
და ჯარისკაცის როლში მგზავრის ბოლო საღამო
ბნელდება ისე უჩვეულოდ, ისე აშკარად,
ვარსკვლავიც არ ჩანს სიბნელიდან გამოსავალი.
მე ვხედავ: უკვე არსად ჩქარობს. აღარსად ჩქარობს.
საშრობის მიწას შეახოცა სისხლი და დარდი.
დგება მსუბუქად, უფრო მშვიდად, თითქოს მთის წყარო
ტყისპირა ჩრდილებს შეხიზნული მზის გულზე გადის.
და რჩება რაღაც – გულთან ახლოს თეთრი ფურცელი,
სისხლით ნაკაწრი. უთქმელობის ძველი ბარათი.
უკან – სამყარო მზენარევი, უკვე უცვლელი.
მათ შორის – მგზავრი ქარის ენით მოლაპარაკე.
და შეუძლია აყვეს ფრენას თეთრი ირმების,
თეთრი მიწიდან ამოსავალ ძახილს მინებდეს.
ნათდება შორი საოცნებო “ცეცხლი მღვიმეთა”.
ქარადქცეული თუ მიაღწევს ზღაპრულ მღვიმემდე.

ჩემი გვერდი:   / darejan.sumbadze