შობამდე

07/03/2018
Dare Sumbadze-ის მიერ

შობამდე

მკერდი თაფლის მდინარეებს
ვეღარ იტევს. მერამდენედ.
ჩემი მუცელი თვალისჩინით ავსებულა.
და მერამდენედ. მათ ისევ უკვირთ:
როგორ აყვავდა ალუბალი შუა ზამთარში.
საკვირველია. ბნელი საშო –
მზის მდინარის უხვი სათავე –
ცეცხლმოდებული სიტყვებიდან
ღვთიურ გრდემლზე გამოწრთობილებს
მალე სამშობლოდ გადაექცევათ.
ალის ბაგეც, დღეს მათთვის უცხო,
ნაცნობ ენაზე ამეტყველდება.
მიწას შემსხვრეულ, მიმოფანტულ
უბასრეს სიტყვებს
თხელი, შიშველი ტერფი დასერავს.
მიახლოვების ძახილივით!

როცა ალუბალს ევსება მკერდი.
გასაფრენად ცისკენ გაწვდილ შიშველ მკლავებზე
ეღვრება რძე – თეთრი თაფლი.
და, ღმერთო ჩემო,
შენ მენდობი უხედველი.
როცა სისავსე – შენი ანბანი –
ბრმა თვალისჩინს ჩემში ინახავს.
ჯერ ნუ წუხხარ,
თუნდაც მოგვებმა ზეცას ახედონ.

(კრებულიდან ,,მეტალის პეპელა\". 2007)

ტექსტი: https://m.facebook.com/story.php?stor...

ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...