7

06/16/2018
Dare Sumbadze-ის მიერ

7

მას შეუძლია დამარწმუნოს,
შეუსწოროს ნაწიბურები შემოცვეთილ ფოტოსურათებს,
შეარბილოს მკვეთრი პროფილი,
გამოხედვაში დრეკადი ნდობა შეურიოს.,
დაგასახლოს მფეთქავ კუნძულზე,
სადაც დაკარგულ ნივთებს პოულობ...
თუ მზის ნებაა გათენება,
მას შეუძლია დაუბრუნდეს საგნებს სახელად,
რძის ბილიკით მოგყვეს კარამდე
და სიზმრიდან უკუქცეული თვალს რომ გაახელ,
მას შეუძლია მღვიმის ხაოს თაფლი ფარავდეს.
სანთელივით კრიალა წვეთი
ხელისგულში აქციო ცვილად.
ჩამოქნა დილა, დაგავიწყდეს:
სიყვარული ნაგროვები ქვიშის წვეთებად
გაწვიმებული საათივით როგორ დაფანტე.
მას შეუძლია იცვალოს თვალი
და გული,
როგორც ნაღვერდალი –
ზღვაში გიშერი,
ქარში ლალი.
მას შეუძლია ამეკრძალოს, გამიუცხოვდეს,
ცოდვებით სავსე ამამჩატოს,
თითქოს სიცოცხლე
სამუდამო და განუყოფელ მემკვიდრეობად
მხოლოდშობილს გადმომილოცა.
თითქოს თვითონ არ მკარნახობდეს,
თითქოს ვიღაც სხვა,
ვინც დამიბრუმებს თვალის ჩინს და მღვიმის ხაოზე
თაფლის წვეთი თავისთავს გასცემს.
დამრთავს ნებას გულისგულში ცვილად ვაქციო,
დავატარებდე მზის მომცრო ნამცეცს –
უკვე განცდილს,
ჯერაც განსაცდელს.
მას შეუძლია იყოს სიტყვა, მე ვზღვავდებოდე
მიწის გულამდე საფრენ მხარეში.
მას შეუძლია, მერე რა, თუ მღვიმეს არ ცდება
ქარის მკლავებში ჩემი თარეში.

ჩემი გვერდი:   / darejan.sumbadze