6

06/16/2018
Dare Sumbadze-ის მიერ

6

თმის მდინარეს მის მხარზე ვფენდი
და სავსე, უხმო აღსარება ვერდატეული
უბიდან უხვად იღვრებოდა, თითქოს რძე ცაზე –
განთიადის ტრაექტორია.
ყველა წვრილმანი, რაც გადამრჩა
მის ტერფებთან უნდა დამეგო.
ის დაწვებოდა ჩემი ცოდვის გლუვ ჰორიზონტზე.
ილივლივებდა.
და ხმას ვიდრე გავიგონებდით:
“არ გაეკაროთ!”
უჩვეულოდ გავკადნიერდი.
ის თავისთავს არაფრით ჰგავდა.
და ჩვენ იმ დილას ძველი, უკვე უცხო ქალაქის
თავზე დავქროდით.
უფრო ლაშქრობა ეთქმოდა ქროლვას –
ქუჩებს ვუცვლიდით გამჭვირვალე მქროლავ სამოსებს,
წარსულის ყველა, გერმანულად უზუსტეს წვრილმანს
ვაფარებდით დავიწყებას.
ჩურჩულებდა:
“მარადიული არაფერიააააა... მხოლოდ ქარი – ცვალებადიიიიი…”
სახლის კარვები კათოლიკე მონაზვნების თეთრ ქუდებს ჰგავდა
და მზე დროის უმრგვალეს და უტკბილეს ბისკვიტს
ქალაქს საუზმედ უნაწილებდა.
მხოლოდ ზღვა იყო შეუცვლელი – ტერფმოთაყვანე
და ვერასგზით გადაჩვეული ბრმამორჩილებას.
ხალხის თვალებში ქარი ქროდა – უცხო სურათებს შლიდა თვალწინ:
ჩვენი შესაძლებელი შვილები
აზრგამოუთქმელი უსათაურო ლექსებივით
გვადევნებდნენ შეფარულ მზერას,
თითქოს ვყოფილიყავით მათი წინაპრების მკვლელი,
ომი, ანდა ომის საბაბი,
რომლის გამო ვერ დაიბადნენ.
ან უნდობლობა –
დამწყვდეული ბაგესა ხელისგულს შორის,
ხორხის ხრამში ჩაკარგული ზვავის ექო.
სუნთქვაშეკრული მერცხლებივით,
დროის ფსკერზე ვისწავლეთ ფრენა –
თავსხმა წვიმის წინაპირობა.
როცა ჰაერი ისე დამძიმდა
უცხო სეზონზე თოვლსა და ღრუბელს –
წარსულსა და მომავალს შორის,
გარდაუვალ ფრენის ამინდად,
ვზღვავდებოდი,
ვხმაურობდი.
ხმალშემართულ მწვერვალებში ჩაკარგული. უპოვნელი.
სადაც კაცები ცეცხლის მთებს ჰგავდნენ.
სადაც ქალები – საფლავის მზეებს...
მერე დიდხანს ლივლივებდა ჩემი ცოდვის გლუვ ჰორიზონტზე.
ვიდრე მის ხმას გავიგონებდით…

ჩემი გვერდი: https://www.facebook.com/darejan.sumb...