უმცირესობათა მდგომარეობა საქართველოში

01/20/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

უმცირესობათა საკითხები საქართველოში, ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც ორგანიზაცია „იდენტობის\" მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრის მიზანი ლგბტ ადამიანების, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობათა ჯგუფების ანალიზი და მთავრობისათვის რეკომენდაციების წარდგენა იყო.
მსმ პატიმრების კვლევა საქართველოს ციხეში, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ კაცთა სოციალური მდგომარეობა, ლგბტ ადამიანების პროფესიული განვითარება - დილემები და კომპრომისები, ეს იმ კვლევების სახელწოდებაა, რომელთა პრეზენტაციაც შედგა. კვლევა, ამ ეტაპზე, მხოლოდ მამაკაცების მდგომარეობას მოიცავს.
ფსიქოლოგიური ზეწოლა ახლობლების მხრიდან, სწავლისა და გარესამყაროსთან ურთიერთობის აკრძალვა, დისკრიმინაცია სამსახურში.. კვლევისას 110 ადამიანი გამოიკითხა. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ სამუშაო ადგილას საკუთარ იდენტობას მალავს. შეხვედრას სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ეთნიკურ, რელიგიურ, ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა თუ შშმ პირებთან დაკავშირებით, მცირე რეზიუმე გააკეთეს.
შეხვედრის ბოლოს იდენტობამ ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვისთვის ჟურნალისტის ნომინაციაში გიორგი კიკონიშვილი, სახელმწიფო მოხელეებს შორის თამარ კორძაია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გიორგი მშვენიერაძე, სამოქალაქო აქტივისტის ნომინაციაში კი თამარ გურჩიანი დააჯილდოვა.
იდენტობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯილდო ყოველწლიური გახდება. მომავალი წლიდან ნომინაციათა კატეგორია გაფართოვდება და მას ექიმები, მეწარმეები, სასულიერო პირები და მასწავლებლები დაემატებიან. ამასთან წესდება ნომინაცია „რკინის ტაბურეტი\", რომელსაც ის ადამიანები მიიღებენ, რომელმაც განსხვავებულობის მიმართ შეუწყნარებლობით, ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/