ომბუდსმენის ანგარიშის განხილვა

05/08/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

ევროპის სახლში სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა შედგა. უჩა ნანუაშვილმა ქართულ და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, 2013 წლის ანგარიშის ის ნაწილი წარუდგინა, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებს ეხება.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოეწყო. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ანგარიში, საზოგადოების ფართო მასებისათვის იყოს ცნობილი.
იმის გათვალისწინებით, რომ გენდერული თანასწორობის ოფისი, სახალხო დამცველის აპარატში, ბოლო ერთი წელია არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციები მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ. თუმცა, გარკვეული შენიშვნები მაინც აქვთ. მანანა მებუკე მიიჩნევს, რომ ანგარიშში კონკრეტული შემთხვევები უნდა იყოს დაფიქსირებული. ის განსაკუთრებულ ყურადღებას, დევნილ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე აკეთებს.
შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერის მრჩეველიც ესწრებოდა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენი პრობლემაა ქვეყანაში ოჯახში ძალადობის კუთხით. მან ყურადღება იმ აქტივობებზეც გაამახვილა, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე, მთავრობაში შედგა.
სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში მარტში გამოქვეყნდა. მისი ქვეთავი „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები\" ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, შრომით უფლებებს, გენდერული ნიშნით ძალადობას, ოჯახში ძალადობას, ადრეულ ქორწინებასა და სხვა საკითხებს მოიცავს. შეხვედრაზე ომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებული, გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც 2014-2016 წლებისთვისაა გათვლილი.


@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/