ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 საათი კითხავდნენ

03/27/2017
Radio Atinati-ის მიერ

#საჯარომოხელეები #საკრებულო #სასამართლო #ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამსახურიდან გათავისუფლებულების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საატესტაციო კომისიის წევრ მაიზერ ნანავას ორ საათზე მეტხანს კითხავდნენ.

ნანავას განცხადებით, მან ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გასცა. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის ბრალდებას პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, ნანავამ განმარტა, რომ მას საჯარო მოხელეებისთვის გასაუბრების დროს პოლიტიკური კითხვები არ დაუსვამს და ისინი არც პოლიტიკური ნიშნით შეუფასებია.

„გავიხსენე კითხვები, რომლებიც ატესტაციის დროს მათ დავუსვი. ყველა კითხვა იყო საჯარო კანონიდან და შეფასებაც ადეკვატური იყო ჩემი მხრიდან. მე ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხე“, - თქვა ნანავამ.

საპირისპიროს აცხადებენ ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესების დამცველები. საიას ადვოკატის მირზა მამულაძის თქმით, ნანავამ ვერ დააკონკრეტა, თუ მის მიერ დასმულ რომელ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი ამა თუ იმ გამგებელმა.

„იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოწმე ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა. მაგალითად, მან თქვა, რომ გასაუბრების დროს გამგებლებმა ვერ უპასუხეს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებულ კითხვებს, თუმცა, მოსამართლის კითხვა, როგორ ერკვევა ის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში, მან დააიგნორა“, - აღნიშნა მამულაძემ.
მორიგი სასამართლო სხდომა 12 აპრილს გაიმართება.

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან