დარეჯან სუმბაძე. 10. ბრბოსაცდენილო ირემო და ჯოგსაცდენილო. რამ ჩამოგაგდო ცალად ნისლო...

09/08/2015
Dare Sumbadze-ის მიერ

,,მეტალის პეპელა. ჩრდილიდან\", 2010, გვ. 68-73)

ბრბოსაცდენილო ირემო და ჯოგსაცდენილო. რამ ჩამოგაგდო ცალად ნისლო. ნისლო ქალაქად. სიმართლე

დაშთებოდა უწმიდესი ჩემი...
სასაფლაოს სიმღერა

რაკი თვალებად შემებნია სამყარო ღილის:
დაგვაჯული და კოჭდაბალი გამოისახა.
სხვას ირეკლავდა. სხვათა ავ-კარგს. მანჭვას და ღიმილს.
მეტი რომ არ ვთქვა. იქნებ არც ვთქვა სიტყვა. სიტყვა და
ჯოჯო და კუნძი საკუთარი რომ დაენახა
და მეტი არ თქვა. გადაჭრიდა ჩუმად. ასეთად:
თეთრი გვირისტის ლიანდაგზე ქორის სიბასრით
სამაგიეროს შებრუნებულს. ანდა სარკეებს
აამღვრევდა და უხედველად ჩამოამსხვრევდა.
და თუ არ მოგწონს წინ რა უდგას: ჩამონალეწი
ცოტა ფიჩხი და ცოტა ნავთიც მეტი იქნება.
ღერი ასანთი: გაალება. მერე თვალის წინ
გიდგას: სიტყვები იქცევიან ყოფილ სიტყვებად.
აღარარსებულ მეგობრებად. უფრო ჟღალია
ბგერის თუ ნავთის უცაბედი მწველი მცდელობა
უპირატესად. შეუძლიათ და ამჟღავნებენ
აალების და უკიდურეს შესაძლებლობას.
ან რა დანდობა. ნისლიანში შემთბარ ბუხართან
იქნებ ზედ მეტად: გულს გიხსნი თუ გულით გიყვები
იყოს ზედმეტად: ერთხელაც და. დავამწუხარო
ნაცარალივით სასაფლაო ცხელი სიტყვების:
მიცვალებულთა უმწუხარო ფიქრის ტრიალი
შეფარებული მზის ჩამავალ მეწამულ ბინას.
უგზო. უკვალო. თავის თავში მობოდიალე
გამომეკეტა დრო. სიტყვებში: მე წამე ბინა
ფიჩხი შავი და ოქროც შავი. რასაც გამოდენს
ჩაინაცრა თუ მიილია: ცა შავდა ყოფით.
და როგორც ერთი თხილის გული ცხრა ძმას.
ამბობდნენ:
ერთზე უადრეს მარცვალივით:
ცამეტ შაშვს ყოფნის.
ყოფნის კი არა. სახვალიოდ თავზეც გადასდის.
იქნებდა: მადლი მოისხა და ჩვენთვისაც დარჩა.
ცხოვრება ერქვა ჭრელაჭრულა:
იყო ფარდაგი.
ფარდაგი ერქვა სიფრიფანა და:
იყო ფარჩა.

უეჭველია
ვერ ვახერხებ სიტყვები (ვ)თვალო.
ანუ ვადევნო. მივყვე კვალში:
იქნებ გამექცეს.
ან შეგაბრალო თავი ჩემი
არცთუ უბრალო
შემოჯაჭვული უფრო ზუსტად
ცოდვის საცეცებს.
ჩვენში დარჩეს და
შლეგი აკრავს უხედნელს ნალებს
ვამჯობინებდი:
წყალი ვნაყო.
სიტყვები ვთვალო:

ლომ ბარდიაში ჩამოჟონა. ნისლმა მოთოვა.
ჰოი, უნისლო.
...

07.12.08.

ტექსტი:   / 546817145433916  
ჩემი გვერდი:   / darejan.sumbadze