ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა

09/22/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 700 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემას მხარი არ დაუჭირა.დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ ითხოვდა კომპანია პირდაპირი წესით ტერიტორიის გადაცემას მაშინ, როდესაც პარკირების მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. მათ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა დავით სხულუხიამ უპასუხა, რომ ტერიტორიის გადაცემის თხოვნით მერიაში აღნიშნული კომპანია შევიდა და საკრებულოს გადასაწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ საკითხს.

გარდა ამისა, საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ განაცხადა, რომ პირდაპირი წესით განკარგვა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.„აპრილის შემდეგ, რაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, რატომღაც უკვე არაერთი მიწის ფართობი გადაეცა ამა თუ იმ კომპანიას პირდაპირი განკარგვის წესით, მაშინ, როდესაც წინა წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს ადგილი არ არის გადატვირთული, რომ ვაკონტროლოთ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ მერს აქვს უფლება პირდაპირ იჯარის წესით გასცეს აღნიშნული ქონება საკრებულოს თანხმობით, თუ არის შესაბამისი დასაბუთება, რომელიმე თქვენგანი დამისაბუთებთ, რატომ უნდა გადავცეთ იჯარით და არა აუქციონით?“, - აღნიშნა ქოჩუამ.

საკრებულოს წევრების თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფასიანი ავტოსადგომის მოწყობა ავადმყოფებისა და მათი ახლობლებისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის.ხელისუფლებისა პირად და ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს „ენმ“ -ის ანი წითლიძე.

„საავადმყოფოს ტერიოტირიაზე არ შეიძლება იყოს ფასიანი სადგომი. ასევე, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ კომპანიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საკრებულო გადაწყვეტილებას იღებდა არა ქალაქის საკეთილდღეოდ, არამედ ადგილობრივი თანამდებობის პირების პირად ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და თავი შეიაკავა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ, რომელიც დღეს სხდომას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პარკირების საკითხი ერთხელ უკვე დამტკიცდა და უმჯობესი იქნება, რომ ამ შემთხვევაშიც აუქციონი გამოცხადდეს.

„შეეძლო ამ კომპანიას, მაშინ მოეთხოვა ეს ტერიტორიაც აუქციონის წესით. ცვენ შევთავაზებთ ჩვენს ვარიანტს და ჩვენ გავიტანთ ამას აქუციონზე. 15 დღეში ისედაც მოგვარდება და არ იყო აუცილებლობა, რომ ახლა, სასწრაფოდ მოგვარებულიყო“, - თქვა ფაცაციამ.„თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკი“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან