სამაგიერო

07/03/2018
Dare Sumbadze-ის მიერ

სამაგიერო

ვკბეჩ ვაშლს
და ვფიქრობ ყველა წინამორბედზე,
ვისაც ასეთი - წითელი,
ან არაასეთი - ყვითელი,
მწვანე,
პატარა,
სავსე,
სისხლიანი...
ვაშლი ჩაუკბეჩავს.

ვკბეჩ ამ ვაშლს,
როგორც ჩემი უპირველესი წინამორბედი
და ვიმეორებ ჩემ წილ მაცდურ სიამოვნებას
განგების ხელით გამოწვდილს -
მე, ვინც ერთი მათგანი ვარ -
ჩემი წილი ქარით ქარის წისქვილიდან.
ჩემი წილი ქვიშის ნამცეცით მარადიული ქვიშის საათიდან.
ჩემი წილი სისხლის წვეთით
ცხოვრების ხის ცალი ალუბლის ნაწურიდან.
ჩემი წილი უმისობით მისი სხვაგან ნაპოვნი ბედნიერებიდან.
ჩემი წილი უსიზმრობით უძილო ღამეებიდან.
ჩემი წილი სიცოცხლის უნარით
ძველი ნაღვინარი ცარიელი დოქიდან.
ჩემი წილი მზით, წყლით და მინერალური ნივთიერებებით
ვაშლის ხის იმ მიწიდან -
ჩემი წილი ამ პატარა ულუფისთვის...
ახლა რომ ვკბეჩ
და ვიხსენებ შენს ძარღვიან თეთრ ხელს -
მდინარიან ღრუბელს, ღმერთო,
რომლითაც გამომიწოდე ჩემი წილი სიცოცხლე,
რომ მენახე ასეთი წარბაზიდული,
ვიდრე ჩემ წილ სამოთხეს უკან დაგიბრუნებდი.

(კრებულიდან ,,მეტალის პეპელა\")

ჩემი გვერდი:   / darejan.sumbadze