საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი დამკვირვებელზე: ამას ან დოპინგი აკლია ან სექსი

10/31/2018
Radio Atinati-ის მიერ

#67 საოლქო კომისიის წევრებმა #20 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის“ დამკვირვებლის მირანდა ესებუას ორი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა. დამკვირვებლის მტკიცებით, ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო, ხმა საარჩევნო უბანზე მიაცემინეს, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში, კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც ასევე გადასატანი ყუთის სიაში იყო, უბანზე ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მაია გაწერელიამ კომისიის თავმჯდომარეს სალომე წულაიას ჰკითხა, თუ რატომ შეიქმნა გადასატან ყუთთან დაკავშირებით პრობლემები, კერძოდ რატომ მიიტანეს იმ ამომრჩევლებთან გადასატანი ყუთი, რომელსაც ეს არ მოუთხოვია. წულაიას კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა და თქვა, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი გადასატანი ყუთის სიაში მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ ჩაწერეს, თუმცა ზუსტად არ ახსოვს რომელმა კომისიის წევრმა გადაამოწმა ნამდვილად სჭირდებოდა თუ არა ამ ამომრჩეველს გადასატანი ყუთის მომსახურება.

აღნიშნული საჩივრის განხილვას მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. #20 უბნის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საჩივრების ავტორს უთხრა, რომ ის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა სიტუაციის არევას.

„ეს იყო სპექტაკლი, ეს ნამდვილი მსახიობია, სად ეძებენ „ნაციონალები“ ასეთებს. ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რომ შენ გიჟად გამოიყვანდა თვითონ კი მშვიდად იყო. ამ ქალას ან დოპინგი აკლია, ან შესაძლოა სექსი“, - თქვა უბნის კომისიის წევრმა ინგა ხუხუა სხდომაზე.

საბოლოოდ, დამკვირვებლის მირანდა ესებუას საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან