საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები ★

10/30/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ყველასათვის ნაცნობ ჰელოუინის დღესასწაულს საქართველოშიც აღნიშნავენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დღესასწაულს არა ამერიკული, არამედ კელტური წარმომავლობა აქვს. დღევანდელ ვიდეოში ჰელოუინთან დაკავშირებულ რამდენიმე ტრადიციაზე ვისაუბრებთ.
5. კანფეტების დარიგება
ჰელოუინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრადიციას trick-or-treat ეწოდება. კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და ყველას, ვინც სახლში დახვდებათ, ეგებებიან ფრაზით „trick or treat\", ანუ „კანფეტი ან ოინი“. ტრადიციას ძველი კელტური ფესვები აქვს, როდესაც სამჰაინის (სოუინის) ფესტივალისას მოხუცები და გაჭირვებული ბავშვები საკვებს აგროვებდნენ მოახლოებული ზამთრის გადასაგორებლად. აშშ-ში ჩასული ირლანდიელი ემიგრანტი ბავშვები, რომელთა უმეტესობაც ღატაკი ან სულაც ობოლი იყო, გამვლელებს ხურდას ან საჭმელს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხვადასხვა ოინებით ემუქრებოდნენ. ასე ჩამოყალიბდა ოინებისგან თავდასაცავად კანფეტების დარიგების ტრადიცია.
4. მოწამლული ტკბილეული
ჰელოუინთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ურბანული ლეგენდის თანახმად, ჰელოუინზე ბოროტი ადამიანები ბავშვებს მოწამლულ ტკბილეულს ურიგებენ. ლეგენდის ფესვები 1950-იან წლებში მომხდარი შემთხვევიდან მომდინარეობს, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ათეული ბავშვი მოიწამლა ჰელოუინის ღამეს. როგორც აღმოჩნდა, დამნაშავე არა ბოროტი ადამიანების ჯგუფი, არამედ ნარინჯისფერი საკვები საღებავი გახდა, რომლითაც კანფეტები იყო შეფერილი. აღნიშნული საღებავი მაშინვე ამოიღეს ხმარებიდან, ხოლო ტკბილეულის მწარმოებლებს ეტიკეტზე კვებითი დანამატების აღნიშვნა დაევალათ.
3. გოგრის კვეთის ტრადიცია
ჰელოუინზე გოგრებისგან მანათობელი ჩირაღდნების (jack-o'-lantern) დამზადების ტრადიცია ძველი ირლანდიიდან მომდინარეობს. ლეგენდის თანახმად ქურდმა, რომელსაც ჯეკი ერქვა, მისი სულის წასაღებად მასთან მისული ეშმაკი გააცურა და ხელცარიელი გააბრუნა უკან. გარდაცვალების შემდეგ ჯეკი სამოთხეში ცოდვების გამო არ შეუშვეს, ხოლო ეშმაკმა ძველი წყენის გამო გააბრუნა უკან და ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა დედამიწაზე ეხეტიალა სამუდამოდ. გზის გასაკვლევად მხოლოდ ეშმაკის მიცემული მბჟუტავი ნაკვერჩხალი ჰქონდა, რომელიც გამოფუღუროებულ ბოლოკში ჩასვა.
ბოლოკი იმდენად საშიში დასანახი იყო, რომ ადამიანებმა თვითონაც დაიწყეს მათი დამზადება და სახლის გარშემო დაწყობა ღამით მოხეტიალე ბოროტი სულების დასაფრთხობად. დროთა განმავლობაში ტრადიციამ სახე იცვალა და ბოლოკი გოგრამ ჩაანაცვლა, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ადვილი დასამუშავებელი იყო.
2. კოსტუმების ტრადიცია
ჰელოუინი ერთ-ერთი იმ იშვიათ თარიღთაგანია, როდესაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გიგანტური ხინკლის ან სერიული მკვლელის კოსტუმის ჩაცმა და ბევრ სკოლასა თუ სამუშაო ადგილას კოსტიუმირებული წვეულებებიც კი იმართება ხოლმე, თუმცა ბევრმა არ იცის, თუ საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია. ძველი კელტებს სწამდათ, რომ სამჰაინზე, ზაფხულის დასასრულისა და ზამთრის მოახლოების აღსანიშნავ დღესასწაულზე დედამიწაზე გარდაცვლილები და ბოროტი სულებიც დახეტიალობდნენ. კელტები სხვადასხვანაირ ჭრელ კოსტუმებს იცვამდნენ, რათა გარდაცვლილების ყურადღება მიექციათ და საკუთარი სოფლებიდან შორს გაეტყუებინათ.
1. ქალებად გადაცმული კაცები
სამჰიანის მიმდინარეობისას ზღვარი არამხოლოდ ცოცხლებსა და მკვდრებს, არამედ კაცებსა და ქალებს შორისაც იშლებოდა. მამაკაცები ქალის ტანსაცმელს იცვამდნენ და ჯგუფებად დახეტიალობდნენ კარდაკარ. მეცხრამეტე საუკუნის უელსში ასეთ ჯგუფებს დედაბრებად მოიხსენიებდნენ. დედაბრები კარდაკარ დადიოდნენ და მასპინძლებს საკვებს ან სტუმართმოყვარეობის გამოჩენას სთხოვდნენ. თუ შეამჩნევდნენ, რომ სახლი ჭუჭყიანი იყო, შედიოდნენ და ცოცხებით ხელში, ღიღინით ალაგებდნენ იქაურობას.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან