ენმ ზუგდიდის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს

12/20/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღებში დასარიგებელ სასაჩუქრე პაკეტებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერს იბარებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით, ხვალინდელ სხდომაზე მან პასუხიმგებელი პირების მოსვლა მოითხოვა.

„გოგიამ მოახერხა, რომ არჩევიდან პირველივე წელს, ზუგდიდის სოფლების ბაღებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები არ დაგურიგდებათ და ამისთვის ფულის შეგროვება მშობლებს უწევთ“, - აღნიშნა წითლიძემ.

საუბარია ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც არ შედგა. თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას თქმით, აღნიშნულის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე შეიტყო.

„სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ჰქონდათ გარვეული ფინანსური დეფიციტი, მათ დასვეს ეს საკითხი, თანხა მოვიძიეთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ საკრებულო დათანმხდება მათთვის სუბსიდირების გაზრდას. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საახალწლო ღონისძიება ღირსეულად ჩაატარონ“, - თქვა ბოკუჩავამ.

მას არ განუმარტავს, იგულისხმება თუ არა საახალწლო ღონისძიების \"ღირსეულად ჩატარებაში\" ბავშვებისთვის ტკბილეულის სასაჩუქრე პაკეტების დარიგება.

ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის ცისანა თოლორაიას თქმით, ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს ყოველდღიური ულუფის წილიდან დაურიგებენ. რადიო \"ათინათის\" კითხვაზე, აქვთ თუ არა ბაღის მოსწავლეების მშობლებს მითითება თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით, თოლორაიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი რამე ბაღების ცენტრიდან არ ყოფილა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან