#14. ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერი - #14. Zemo Khodasheni Monastery ("საქართველო ჩვენს გარშემო")

05/21/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#ზემოხოდაშენი, #დედათამონასტერი, #ახმეტა
ვიდეობლოგი #14, საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".

ვიდეობლოგი #14, ეს არის ვიდეოჩანახატი იდუმალი და მადლით მოფენილი, საოცარი აურის და ენერგეტიკის მქონე ადგილიდან, ზემო ხოდაშნის ტყეებსა და მთებში მიმალული, თითქმის ყველასთვის უცნობი დედათა მონასტრის (XIV საუკუნე) ნაშთების შესახებ. დაკარგული ტაძრები და ეკლესიები, ჩვენი წინაპრების ნასახლარები და ნაშთები ყველაზე დიდ და სუფთა ძალას და ენერგიას ასხივებენ - თითქოს დედამიწის და ბუნების ზედაპირზე ტრიალებს იმ ღირსეული ადამიანების და მათი სამყაროების შეულახავი, ართქმული ფიქრები, არარეალიზებული განცდები, ოცნებები, დაკარგული სიყვარული და გათელილი ლტოლვები. ტყეებში და მაღალ მთებში ატანილი ყოველი ქვა, ნაფუძარზე ამოსული ყოველი ხე და ნერგი, ბალახიც კი, რაღაცას ამბობენ; და არა მხოლოდ გადატანითი ან წმინდა ფიზიკური მნიშვნელობით. ასეთ სივრცეში თითქოს ბუნებაც კი იმ ადამიანების ენაა, მათი სისხლია სიცოცხლედ ქცეული, მათი გზავნილია ჩვენთვის - რხევებად, ჩურჩულად და მინიშნებად მოვლენილი.
დიახ, ზემო ხოდაშნის დედათა მონასტერში ლაშქრობა ჩემთვის მართლაც ჭეშმარიტების მომენტი იყო. საოცარ რამეს მოველოდი, თუმცა აქ ყველაფერი იყო ჭეშმარიტად რომ მისტიკაში იყო ჩაფლული - ფერები, სიმწვანის უამრავი ელფერი, ხედები (იქით ალაზნის ველი და ჭაღარა კავკასიონი, აქეთ მთა-გორები, გომბორის ქედი და კლდეები), ჩიტების საამური ხმები და მონასტრის მდუმარი, მარადიული ცხონება.
დიახ, ეს მონასტერი დღესაც ცოცხალია, მე ასე აღვიქვი. ყოველი ფეხის ნაბიჯზე აქ შეიგრძნობ აღფრთოვანებას, მოწიწებას, რიდს და მოკრძალებას. ეს მონასტერი ისეთივე ბრწყინვალეა დღესაც, თავისი ფერებით, ჩუქურთმებით, შემორჩენილი არქიტექტურით, თავისი რეაქციით შენს მოსვლაზე, თითქოს იმ, უფლისთვის თავდადებული, დედაოების სულები მას კვლავ იცავენ, ინახავენ, იფარავენ წმინდა არემარეს.
რამდენიმე სიტყვით აუცილებლად უნდა ვთქვა იმ ადამიანების შესახებ, ვინც დამეხმარნენ, რათა ლაშქრობა წარმატებით დაგვირგვინებულიყო და თითოეულ ჩვენგანს ამ ვიდეოს ხილვის შესაძლებლობა გვქონოდა.
ზემო ხოდაშნის დედათა მონასტრის კონკრეტული კოორდინატები გუგლ-რუქაზე და საერთოდ ინტერნეტში დღემდე საჯარო არ იყო. არამც თუ კოორდინატები, საჯარო ფოტოც კი თითქმის რარიტეტია, ვიდეომასალა კი პრაქტიკულად არ იძებნება. გაკითხვამ და ადგილის რუქის დაკვირვებულმა კვლევამ დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო (მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიაში მითითეულია: ძეგლი მდებარეობს „7-8 კმ-ის დაშორებით სოფლიდან...“). ამიტომ მომიწია ღვინის ქარხანა „ბადაგონში“ მისვლა და იქ მომუშავე ადგილობრივ თანამშრომლებთან საუბარი (კარგად მახსოვდა, რომ სწორედ იქ საკმაოდ ზუსტად დამაკვალიანეს უძირო ტბის და საჩინის მონასტრის მარშრუტებთან დაკავშირებით).
რამდენიმე კაცი შეიყარა, დაუძახეს მუშას, რომელსაც ფეხით გავლილი ჰქონდა გზა მონასტრამდე. ისიც შეუდგა გზის ახსნას („ხევს უნდა აუყვე ბოლომდე... თეთრი-წყლებიდანაც შეიძლება ჩამოსვლა...“ და ა. შ.), თუმცა ბოლო ჯამში ეს ყველაფერი არასაკმარისად მეჩვენებოდა. ჯერ ერთი ტერიტორიას თითქმის არ ვიცნობდი, ხოლო ის რაზეც მესაუბროდნენ, ეს რამდენიმე არცთუ პატარა მთა იყო და ტყით დაფარული არაერთი კვადრატული კილომეტრი. ერთმა ახალგაზრდამ გულისხმიერება გამოიჩინა და გაიხსენა, რომ „ოფ როუდის“ ბიჭებმა მხოლოდ ორდღიანი ძებნის შემდეგ-ღა იპოვესო, ასე რომ რთული მისაგნებია, ასე ადვილად ვერ გეტყვიო. იქნებ დაუკავშირდეო...
მოკლედ, სახლში რომ დავბრუნდი და ავწონ-დავწონე ვითარება, ერთის მხრივ, მქონდა დიდი სურვილი მონასტრის ნახვის და, მეორეს მხრივ, მქონდა შედარებით სათუო სამგზავრო მარშრუტი.
თუმცა, საბედნიეროდ, ეს პრობლემა ისე ღირსეულად და მსუბუქად მოგვარდა, მივხვდი - ნამდვილად უფალი მწყალობდა.
და ამასთან დაკავშირებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბექა ჟღენტს (Beqa Zhgenti) და მთლიანად კლუბ „ლენდ როვერს“, რომლებმაც გასულ შემოდგომას დაწვრილებით შეისწავლეს მარშრუტი ზემო ხოდაშნის დედათა მონასტრამდე.
როდესაც დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე - მართლაც ღირსეული თანადგომა და მხარდაჭერა მივიღე. ბექამ გადმომიგზავნა ტაძრის კონკრეტული ადგილმდებარეობის კოორდინატები და უფრო მეტიც- მომაწოდა ორდღიანი, რთული და დამღლელი ექსპედიციის შედეგად დადგენილი სამანქანე მარშრუტის ელექტრონული ვერსია.
ეს მართლად სასწაული და ფასდაუდებელი დახმარება იყო ჩემთვის იმ მომენტში. ფაქტიურად, თვალდახაჭული შემეძლო მისვლა დანიშნულების ადგილამდე - იმდენად ზუსტი და დეტალური იყო ყველაფერი.
ღმერთმა მრავალი გამარჯვება და სასახელო წარმატება მისცეს კლუბ „ლენდ როვერს“, ჩვენს ქართველ ავტო-მრბოლელებს და ავტოსპორტის პროფესიონალებს! ისინი მართლა მაგრები არიან!
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ორ კარგ და ღირსეულ ქართველ ვაჟკაცს, ზემოხოდაშნელებს უჩასა და ნუკრის, რომლებიც ხევისპირს შემხვდნენ, გამიმასპინძლდნენ ქართული სიყვარულით და ყურადღებით, რიგიანი ქართული ღვინით დავილოცეთ და დავლოცეთ ეს ჩვენი საქართველო!...
მერე მეც გავუყევი გზას, რომელმაც მიმიყვანა ტაძართან...
დანარჩენი კიდევ თქვენ უნდა ნახოთ და განსაჯეთ, ჩემო დებო და ძმებო:
რა ხალხი ვიყავით, სულ რაღაც XIV საუკუნეში...

გამოყენებული მუსიკა:

1. ალესანდრო მარჩელო (ი. ს. ბახის დამუშავება) „ადაჟიო“ (კონცერტი რე მინორი);
2. ლევონ მინასიანი „დუდუკი“
3. ტომაზო ალბინონი „ადაჟიო“ (სოლ-მინორი)
4. კომპოზიტორი ჯ. კახიძე - „იავნანამ რა ჰქმნა“ (ასრულებენ თამარ ჭოხონელიძე და ვახტანგ კახიძის სიმფონიური ორკესტრი).

#საქართველოჩვენსგარშემო #დედათამონასტერი #ზემოხოდაშენი