#6. რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი ("შიოს მარანი") - #6. Shios Marani ("საქართველო ჩვენს გარშემო")

04/13/2020
Soso Mikeladze Official-ის მიერ

#შიოსმარანი, #წმინდაშიოსმონასტერი #ShiosMarani
ვიდეობლოგი #6, საავტორო პროექტი \"საქართველო ჩვენს გარშემო\".

10 აპრილს ვესტუმრე რუისპირის წმინდა შიოს მონასტერს (XII საუკუნის მეორე ნახევარი).
ეს ინდივიდუალური ლაშქრობა დაიწყო შუამთის წყაროს ტერიტორიიდან. ჩავედი მდ. თურდოსთან და შემდგომ ავუყევი მდინარის დინების მარცხენა ნაპირს - ე.წ. კლდეებს და სამანქანე გზით ავედი მონასტერთან. წარმოდგენილი ვიდეორგოლი იწყება მონასტრის ქვემოთ, კლდის კედლებში გამოკვეთილი ქვაბულები, მღვიმეების და ერთმანეთში გამავალი გვირაბების ამსახველი კადრებით. იდეალური იქნებოდა, რომ მქონოდა სპეციალური საჰაერო გადაღების მოწყობილობა (ე.წ „დრონი“) და ეს გამოქვაბულები მაქსიმალურად ახლო მანძილიდან გადამეღო. დღესაც არსებობს ვარაუდი, რომ ეს ადგილობრივი ბერების კელიები და სენაკები იყო.
ვიდეორგოლში მეტ-ნაკლებად წვრილმანად წარმოდგენილია კომპლექსი „შიოს მარანი“.
რამდენადაც საოცრად ლამაზია ე. წ. „შიოს მარანი“, არანაკლებად გულდასაწყვეტი იყო ის, თუ რამდენი ნაგავი დამხვდა მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ერთ ადგილას, კლდის პირას, საერთოდ პლასტიკური ბოთლების ნაგავსაყრელივით არის). ალაგ-ალაგ შეგხვდება სახელების წარწერები ნაგებობების კედლებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქართველობის ნაწილი, რომელიც ამგვარ რამეებს სიამაყით და ენთუზიაზმით სჩადის, „გაიზრდება“ და გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს ქვეყნის, ერისა და წინაპრების წინაშე.
ლაშქრობის მეორე ნაწილი, ანუ მომდევნო ვიდეორგოლი დაეთმობა, იყალთოს მონასტერს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა „შიოს მარანთან“ (მთის ბილიკებით). ეს გადასვლა მართლაც შთაბეჭდავი და დაუვიწყარი იყო. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქართველები უდიდეს სიმდიდრეს ვფლობთ, ჩვენი მიწა-წყლის სახით, და საკმარისი გონიერების გამოჩენის შემთხვევაში გაღარიბება ჩვენ არასოდეს გვიწერია.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მეხმარება ამ ლაშქრობების დაგეგმვაში, ორგანიზებაში, ლოჯისტიკაში, ოჯახის წევრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც გზაში მხვდება და კეთილ თვალს მაყოლებს, მეხმარება გზის დაზუსტებაში.
დიდება უფალს!
გაუმარჯოს საქართველოს!

გამოყენებული მუსიკა:
ანსამბლი \"ურმულის\" კომპოზიციები \"სიმღერა თბილისზე\", \"დუდუკი\", \"ნარნარი\".