მამა

07/03/2018
Dare Sumbadze-ის მიერ

მამა

მისი ხელების გამჭვირვალე ფაიფური როცა მეხება,
მე უძლური ვარ და დამყოლი.
სხეული გრძნობს, როგორ ვზვავდები
უმზეო სიტყვა ჩაკეტილი ძვლების შიგნით.
ქაფის აფრებით ისევ ვხმაურობ.
ამ დროს ცდილობს დამიმორჩილოს.
არეული საკუთარ თავში,
მუხლისთავებით ვკაწრავ ლოცვებს –
სახარებას შეშლილებისთვის.
მათ კი ჩემთვის არ ემეტებათ ერთი მტკაველი –
მუხლის სამყოფი. მაინც გზად. მაინც
ჩასამუხლად. მაინც დროებით.
პირობითად თუა საყრდენი მისთვის – სასმისი,
საიდანაც,
როცა ვიღვრები,
როცა ჩემი გაზმორება ვარსკვლავებს ცდება,
წყურვილს მოიკლავს,
სულს დამლევს, შემსვამს
და მეც დავლევ მაშინ სულს ჩემსას.
ის ღმერთია. ეპატიება.
ჩემი ძახილი ფაიფურის ჰაერის მსხვრევის
მკრთალი ყურის ერთადერთი სამკაულია.
ვცარიელდები სიტყვებისგან, დინებებისგან
ჩემიდან მისკენ. ვკრიალდები.

ყრუ ფაიფურში შევაფარე თავი განსაცდელს.
ასეთი მყუდრო სამალავი ჯერ არავის მოუგონია.
ის ისეთი საიმედოა.
მე – უძლური, მინდობილი ვარ.

(კრებულიდან ,,მეტალის პეპელა\". 2007)

ჩემი გვერდი:   / darejan.sumbadze