გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერიეს


უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერიეს. გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რუსი ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში დასახლებებისკენ იყო მიმართული. მათ შორის ბახმუტის, ავდეევკის, სოლედარისა და მარინკას მიმართულებით.

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 საავიაციო და ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ასევე 40-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შედეგად დაზიანდა დასახლებული პუნქტები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

უკრაინულმა ავიაციამ ბოლო საბრძოლო დღის განმავლობაში 29 დარტყმა მიიტანა რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე. დადასტურებულია რომ 21 იერიში წარმატებული იყო. განადგურებულია სამი საყრდენი პუნქტი და ხუთი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის პოზიცია. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი და ავია მოიერიშე „სუ-25“. უკრაინის სარაკეტო ძალებმა კი საარტილერიო დარტყმები მიიტანეს მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ოთხ ადგილზე. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის ერთი საწყობი.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია არ აპირებს, დატოვოს პოზიციები ხერსონში და ისინი ე.წ. გასვლის სამზადისის შესახებ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები შეცდომაში შეიყვანონ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობაც 275 მილიონი დოლარია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან