ვითარება უკრაინაში


ოფიციალური კიევის ცნობით, საოკუპაციო ძალების საარტილერიო იერიშის შედეგად, ხერსონის ოლქის ქალაქ ბორისლავში ერთი ოჯახი, დედ-მამა და 12 წლის ბიჭი დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ხერსონში რუსეთის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად, 20 წლის მამაკაცი დაიღუპა. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი. მათი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში მტრის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეკრების ადგილებზე 20-ჯერ მიიტანეს დარტყმა. თავის მხრივ რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 13 საავიაციო იერიში განახორციელა. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ყველაზე მეტად დონეცკის ოლქში დაზარალდა ქალაქები: ბახმუტი, კონსტანტინოვკა და კურახოვო, დენპროპეტრივსკში - ნიკოპოლი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია კვლავაც კონცენტრირებულია ქალაქ ბახმუტის აღებაზე. რუსი ჯარისკაცების დარტყმების გამო, ქალაქის თითქმის 60% დანგრეულია. თავის მხრივ, რუსი ოკუპანტები გასული დღე-ღამის განმავლობაში იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ მათ მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლსა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც რუსი ჯარისკაცების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემით შეძლეს უკრაინელების დრონების ჩამოგდება. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც კირილის თქმით, ერთი დღე  6-დან 7 იანვრის დღის დასრულებამდე უნდა ამოქმედდეს. კიევში რუსეთის პატრიარქის ინიციატივას „ცინიკური ხაფანგი“ უწოდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან