ქმედებები ცვლილებებისათვის

03/17/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

როგორია რეგიონის გაძლიერების საკითხში ქალთა ჩართულობა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ადგილობრივი თემის განვითარებაში, რა ფუნქციას ასრულებენ ისინი კონფლიქტებურ რეგიონებში სახალხო დიპლომატიის აღდგენის კუთხით. ეს იყო ძირითადი თემები შეხვედერისა, რომელიც ზუგდიდში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით შედგა.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით, გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ზუგდიდელებთან შესახვედრად სტუმრები დედაქალაქიდანაც ჩავიდნენ.
ქართველი ქალები XIX-XX საუკუნეში, რომლებმაც განათლებასა თუ კულტურაში მნიშვნელოვანი ძვრები შეიტანეს, - ლელა გაფრინდაშვილი დამსწრეებს ამ 50 ქალის საქმიანობის შესახებ მოუყვა.
შეხვედრას გენდერულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქალთა როლზე თემის გაძლიერების საკითხში, იმ მოხალისეებმაც ისაუბრეს, რომლებიც რამდენიმე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის\" არიან ჩართულები. აღსანიშნავია, რომ პროექტი 2010 წლიდან ხორციელდება და მიზნად სხვადასხვა რეგიონში მოხალისეებისგან, თვითდახმარების ჯგუფების შექმნას გულისხმობს. ჯგუფები დევნილთა და ქალთა უფლებების გაუმჯობესებაზე, ქართველ, აფხაზ და ოს ქალებს შორის სახალხო დიპლომატიის აღდგენაზე, საკუთარი სოფლებისა თუ ქალაქების, თანამოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
შეხვედრის ბოლოს ქალთა ფონდის მიერ მომზადებული ფილმის, \"უთქმელი ისტორიების\" ჩვენება შედგა და დისკუსიაც გაიმართა. 2014 წლის გენდერული კვირეული, რომელიც 4 მარტს დაიწყო, ზუგდიდში, ამ შეხვედრით დაიხურა.

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/