ზუგდიდში პრიველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს ონკოსკრინინგთან დაკავშირებული ტრენინგი ჩაუტარდათ

06/04/2022
Radio Atinati-ის მიერ

დღეს, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის თემაზე, სოფლად ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაკების როლის გააქტიურება ონკოლოგური დაავადებების პრევენციასა და ადრეულ გამოვლენის ღონისძიებებში, რათა მათ შეძლონ მოსახლეობას უფრო ეფექტურად მიაწოდონ ინფორმაცია ონკოლოგიური დაავადებების შესახებ.

ექსპერტი საოჯახო მედიცინაში მარინა შიხაშვილი ამბობს, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და ასევე ხაზი გაუსვა, რომ სკრინინგ ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია სამეგრელოში მცხოვრები ადამიანებისთვის.

,,პირველადი ჯანდაცვა, საოჯახო მედიცინა - ეს არის ჯანდაცვის სისტემის საფუძველი და იმ ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვა არის კარგად განვითარებული, ზოგადად ჯანდაცვის მაჩვენებლები ძალიან კარგია. მოსახლეობის ჯანმრთელობის დონეც დამაკმაყოფილებელია, სოფლად ოჯახის ექიმებს ამ პრევენციულ ნაწილში მნიშვნელოვანი როლი და ადგილი უკავიათ. დიდი მიღწევაა, როცა სახელმწიფოს შეუძლია ისეთი ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი ანუ პრევენცია, როგორიც არის სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და სხვადასხვა დაავადების სკრინინგის ჩატარება მოსახლეობისთვის, ეს ყველაფერი რომ იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ტერიტორიულად, ასევე ფინანსურად - ეს არის ძალიან დიდი ბედნიერაბა და ამიტომ ამ შესაძლებლობების არგამოყენება არ არის სწორი. ოჯახის ექიმები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებთანაც პირველი კონტაქტი უხდება პაციენტს, დღევანდელი შეხვედრა ამიტომაც ამ საკითხს ეძღვნება’’, - აღნიშნა მან.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის დირექტორი ირინე ფოჩხუა მიიჩნეევს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მედიცინის მუშაკები პაციენტებს უნდა ესაუბრებოდნენ სკრინინგის მნიშვნელობაზე და საჭიროებებზე.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში და მათ შორის ზუგდიდშიც სკრინინგული მომართვიანობა დაბალია.

,,პირველადი ჯანდაცვის როლი სკრინინგული პროგრამების გატარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, პაციენტს, რა თქმა უნდა, პირველი ურთიერთობა აქვს ოჯახის ექიმთან, ოჯახის ექიმმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პაციენტს, მაგალითად, ის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგის ჩატარება დროულად, მაშინ, როცა ისინი ჯანმრთელები არიან, რათა მერე არ გამოვლინდეს დაგვიანებული შემთხვევები ავთვისებიანი დაავადების. აქედან გამომდინარე, პირველად ჯანდაცვას ძალიან დიდი როლი ეკისრება ამ პროცესში. სკრინინგული მომართვიანობა დაბალია ზუგდიდის რაიონში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, 2019 წლიდან ფუნქციონირებს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი და სამწუხაროდ, პაციენტები დაგვიანებით მოდიან. ადრე რომ მოსულიყვნენ ჩვენთან, შეიძლებოდა ამ დაავადებების ადრეულ სტატიაზე დიაგნოსტირება. როცა ადრეულ სტადიაზე არის გამოვლენილი დაავადება, ისინი ჯანმრთელები უბრუნდებიან მკურნალობის შემდეგ საზოგადოებას’’, - თქვა ირინე ფოჩხუამ.

ტრენინგის ერთ - ერთმა მონაწილემ ცირა ქაძანაიამ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მისთვის ეს სასწავლო კურსი საინტერესო იყო და მიღებულ ცოდნას პაციენტების სასარგებლოდ გამოიყენებს.

,,ძალიან მნშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის, ოჯახის ექიმებისთვის, ვინაიდან კიბო არის ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაავადება, მით უმეტეს, ჩვენი რეგიონისთვისაც არის სპეციფიური პრობლემები. ძალიან მადლობელი ვარ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის და ჩეხური ორგანიზაცია კარიტასის, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის, ზრუნავს ექიმების განათლებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, იმდენად რამდენადაც პრევენცია, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და სკრინინგის დროული ჩატარება ხარისხიანი ცხოვრების წლებს მატებს პაციენტს და მეტი შანსი აქვს მას იცოცხლოს, ჩვენც ყველანაირად ვეცდებით დღეს, ხვალ მიღებული ცოდნა ჩვენი პაციენტების სასარგებლოდ გამოვიყენოთ’’, - გვითხეა ოჯახის ექიმმა.

სამომავლოდ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეგრელო - ზემო სვანეთში მცხოვრები 170 - მდე სოფლად ოჯახის ექიმის გადამზადება.

ტრენინგები მიმდინარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ახალი პროექტის ფარგლებში \"ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში\", რომლის მიზანია ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა რეგიონში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან თანამშრომლობით და ერთ-ერთ ამოცანას შეადგენს რუხის ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შეძენა გინეკოლოგიური სერვისების განვითარების მიზნით. ასევე დაგეგმილია რუხის ჰოსპიტლის პერსონალის პროფესიული მზადება როგორც ქართველ, ასევე ჩეხ კოლეგებთან თანამშრომლობით.

პროექტის ფინანსულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მედევაკის“ პროგრამა.




რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / radioatinati.ge  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinat.  .

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან