სოციალური და ჯანდაცვის კომისიის ორმა წევრმა ბიუჯეტის შესაბამის ნაწილს მხარი არ დაუჭირა

11/30/2017
Radio Atinati-ის მიერ

საკრებულოს სოციალური და ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის შესაბამისი ნაწილი განიხილეს. დეპუტატების კითხვებს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელებმა უპასუხეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური პროგრამებისთვის 2 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ენმ-ის წევრი პაატა ადამია დაინტერესდა, რატომ არის გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ 8 პროცენტი სოციალური და ჯანდაცვის სფეროსთვის მაშინ, როცა მერიის თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება აღნიშნულ თანხას ორჯერ აღემატება.

„მხარი რომ დაუჭირო რამეს, უნდა იცოდე დეტალები, საუბარი რამე კონკრეტულზე არ არის. ყველაზე ცუდი არის ის, რომ პრიორიტეტული სფერო ბიუჯეტის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო ხელფასებზე 5 მილიონზე მეტია გამოყოფილი, რაც მიუღებელია. ხალხმა აგვირჩია, რომ მათ დავეხმაროთ და არა იმიტომ, რომ ხელფასები ავიღოთ“, - აღნიშნა ადამიამ.საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მურთაზ ბოკუჩავა განმარტავს, რომ ეს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი არ არის და ის წლის განმავლობაში გაიზრდება. რაც შეეხება ხელფასებს, ის ამბობს, რომ თანხის რაოდენობა კანონით გათვალისწინებულზე რამდენიმე პროცენტით ნაკლებია.

უფასო სასადილოების ბენეფიციართა და რაციონის გაზრდის საკითხით დაინტერესდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია. მას მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ უთხრა, რომ მომავალ წელს გაიზრდება, როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდება რაციონი.

„გარდა ამისა, დავინტერესდი ორი ბავშვის დაფინანსების საკითხით, რომელსაც იშვიათი დაავადება აქვს. მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ახლა პროექტში კი საუბარია, რომ განახევრდება დაფინანსება, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. ზოგადად, ეს ბიუჯეტი მოსახლეობის სრულ საჭიროებებს ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა რაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად სამართლიანად გადანაწილდეს“, - თქვა შელიამ.

იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების თემაზე ნინო სხულუხიამ თქვა, რომ საკითხი გადაიხედება და დაფინანსება, სავარაუდოდ, არ განახევრდება.მისივე თქმით, ბიუჯეტის ახალი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ აქცენტი უწყვეტ პროგრამებზე გაკეთდება.

„ჩვენი სამსახურის ბიუჯეტი 400 000 ლარითაა გაზრდილი. აქცენტი გაკეთდება ონკოლოგიურ დაავადებებსა და სკრინინგულ პროგრამებზე. მთავარია, რომ სამივე მიმართულება - პროფილაქტიკა, მკურნალობა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა გათვალისწინებული“, - დასძინა სხულუხიამ.

განხილვას საკრებულოს წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს სოციალური და ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე დაიწყო. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან