გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტრასბურგში წავალთ

04/03/2018
Radio Atinati-ის მიერ

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაღუპულის დედამ იზა რუსიამ უთხრა. ის დღეს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან იმყოფებოდა, საიდანაც მისი შვილის ტანსაცმელი წაიღო.

„დამიბარეს და გადმომცეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს ბექას ეცვა. აუცილებლად წავიღებ ექსპერტიზაზე, რადგან ჩატარებულ ექსპერტიზას არ ვენდობი. ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში უკვე გავასაჩივრეთ და სამართალს თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წავიღებ. მოვითხოვ ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას, ვისიც იყო იარაღი. ისინი, ვისი, დაუდევრობის გამოც, ბექა ცოცხალი აღარ არის, ციხეში უნდა ისხდნენ. ის იარაღი უყურადღებოდ რომ არ დაეტოვებინათ, ეს არ მოხდებოდა“, - აღნიშნა რუსიამ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ წვევამდელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რუსიების ოჯახი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და საგუშაგოს მეთაურების, მათ შორის, ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას ითხოვს.

გარდა ამისა, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზეც დაიწყო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან