ნატო-ს სამხედრო სწავლება საქართველოში


დღეს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ საზეიმოდ იხსნება. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობს, 9 აგვისტოს ჩათვლით, სამ ლოკაციაზე გაიმართება. სწავლება „მტკიცე სული“ საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება.

წლევანდელი სწავლების მიზანი არის მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის. ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი საბრძოლო სროლებით სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს, სამანევრო და გაერთიანებულ ოპერაციებში საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან