MOE: სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაადგინოს ტყის საზღვრები და აღმოფხვრას სატყეო ზონაში მოხვედრილი ნაკვეთების არაკანონიერი გასხვისების შემთხვევები, იუსტიციის სამინისტროს კი საშუალებას მისცემს, სწრაფად და შეუფერხებლად დაურეგისტრიროს საკუთრების უფლება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უძრავ ქონებას დაცული ტერიტორიების მიმდებარედ ფლობენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრირებული უძრავი ნივთებისა და ტყის ფონდის საზღვრების საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ბაზებს, ორთოფოტოებსა და 1997-2006 წლებში საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების მიერ ჩატარებული მიწების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ მონაცემებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადასცემს, რაც დაცული ტერიტორიების ზუსტი საზღვრების დადგენასა და არაკანონიერი გასხვისების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
დღესდღეობით, დაზუსტებული საზღვრების არარსებობის გამო, მოქალაქეები დაცული ტერიტორიების მიმდებარე ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოოდ დადგენის შემდეგ, ამ მონაცემთა გათვალისწინებით, მოხდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა. რაც შეეხება სარეგისტრაციო ქონებას, ერთიანი მონაცემები საჯარო რეესტრის სააგენტოს საშუალებას მისცემს, განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები ქონების რეგისტრაციის თაობაზე და დაარეგისტრიროს მათი უძრავი ქონება.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან