განძანი-აბულის ციხე-ლევანის ტბა-ტამბოვკა/ Gandzani-Abuli Fortress-Levani Lake - Tambovka

08/06/2022
ლაშქრობა-ის მიერ

ვიდეოში აღწერილია 2022 წლის 20-21 ივლისს გავლილი მარშუტი \"განძანი-აბულის ციხე-ლევანის ტბა-შაორის ციხე-ტამბოვკა\", დეტალურად მარშუტი შეგიძლიათ ამ ბმულიდან ჩამოიწეროთ https://drive.google.com/file/d/1mqf4...
ლანდშაფტი და რელიეფი სრულიად განსხვავებული და უნიკალურია, ვეება ვულკანური მთები, კონუსები, ქვის მდინარეები, მორენები, ალპური ტბები - განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის ლაშქრობას. განძანი ფარავნის ტბის მახლობლად გაშენებული, სომხებით დასახლებული დიდი სოფელია. სოფლის ბოლოს ლამაზი, ძველი ხიდი და გემრიელი წყაროა. სწორედ აქედან დავიწყეთ ჩვენც ფეხით სიარული. თანაბარი გრუნტის გზით ავედით აბულის ციხემდე. ციხე შთამბეჭდავია, მშრალი წყობითაა ნაშენი და გარდასულ დროში გაცილებით დიდრონი იქნებოდა, დღეს კი წარაღუა ტურისტები კედლებზე ზედ ბობღიალით აზიანებენ ამ სანუკვარ ძეგლს. აბულის ციხიდან მთა პატარა აბულის ჩრდილოეთით დავეშვით. ბილიკი არ არის მოწყობილი. მაღალ ბალახში, ქვებზე ფეხის გადაბრუნების მაღალი შანსია. ასე რომ, მანდ ფრთხილად იყავით. შემდეგი ორიენტირი დანგრეული მეცხვარეების სახლია, შიდა კედლებზე ძალიან გარყვნილი მხატვრობა ვიხილე, თბილისის კედლებზე რას არ ნახავს კაცი, მაგრამ ასეთი რამ დედაქალაქშიც კი არსად შემხვედრია. ამ \"ხელოვნების ნიმუშის\" შემდეგ გადავკეთეთ ელექტრო ხაზები და კვლავ ჩრდილოეთით ავუყევით თანაბარ ბილიკს. უკვე საკმაოდ დაღლილები მივადექით პირველ საბანაკეს, ლოკალიზებული ლამაზი ტბები, ჭანჭრობები ლამაზადაა მოქცეული ალპურ ქვაბულში. ჩვენდა გასაკვირად, ნორმალური წყარო აქაც ვერ ვნახეთ, აქ კიარადა წინასწარ გეტყვით, რომ მთელ მარშუტზე ნორმალური წყარო არ შეგხვედრია. შესაბამისად, ჩვენი გასვლის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობა იყო. პირველი საბანაკიდან \"ბუსტჰალტერის\" მთას, რომელიც ორ ვეება ძუძუს მოგვაგონებს, მარცხნიდან უნდა შემოვუაროთ, 2900 მეტრე ავიდეთ, სადაც დაგვხვდება მანიშნებელი დაფა. ამ დაფიდან 400-500 მეტრში ძალიან ლამაზი მრგვალი ტბაა. იმდენად ლამაზი, რომ ჩემთვის მარშუტის ყველაზე სანუკვარ წერტილადაც კი შევრაცხე. სამომავლოდ ვიმედოვნებ, ერთხელ ამ ტბის ნაპირებზეც დავბანაკდები. იქვე ძველი, აუფეთქებელი ჭურვი ვიპოვე. ადრე აბულის ძირში პოლიგონი იყო. ეტყობა, რომელიმე არტილერისტმა ნამეტანი მოინდომა და მთის იქით გადააცილა ჭურვი, ფრთხილად იყავით! ხელი არ მოკიდოთ! მრგვალი ტბიდან უღელტეხილის გავლით, დიდ ლოდებზე სკუპ-სკუპით დავეშვით გრძელ \"კიტრანა\" ტბასთან, ნაპირზე პლასტმასის ნაგავი შევაგროვეთ და თან წავიღეთ. გთხოვთ! გთხოვთ! ნუ დაყრით ნაგავს, მითუფრო ასეთ სამოთხეში. კიტრანას ტბიდან უკვე გასავათებული ლევანის ტბაზე გადავჩანჩალდით, საბანაკეზე კარავი აღვმართეთ, მაგრამ იმ 2-3 წუთში სანამ გრძელმკლავიანს ჩავიცვამდი კოღოებმა სრულად შემმუსრეს. გამოვიძინეთ, ენერგია აღვიდგინეთ და შემდეგ დღეს უკვე სეირნობა-სეირნობით ალპური აფრიკა (ასე იმიტომ დავარქვით, რომ დამშრალი გუბურები გვხვდებოდა სულ გზადაგზა და ჩვენც წყალი გვწყუროდა) გადავიარეთ, შაორის მთას და ციხეს მივადექით, იქაც ავძვერით, შაორის მთის წვერზე ნისლიან ამინდში მოხუც დრუიდებსაც გამოვესაუბრეთ და სოფელ ტამბოვკაში დავასრულეთ ჩვენი გასვლა. გასვლის მთავარი მიგნება, ბუნებრივ სილამაზეებში, მრგვალი ტბა იყო, ხოლო ისტორიულ ძეგლებში - შაორის ციხე. სოფელი ტამბოვკაც საინტერესო და გამორჩეულია, ღრმა რუსეთიდან გადმოსახლებულ დუხობორებს აუშენებიათ და შემდეგ 90-იან წლებში მიუტოვებიათ კიდეც ეს ლამაზი სოფელი. დღეს სომხები ცხოვრობენ. საძოვარი, სახნავი აქვთ - გვერდზე უზარმაზარი ტბა და თევზი, ერთი ცოტა ტყის ნაკლებობაა თორე ისე არაფერი უჭირთ. ამ ხუმრობა-ხუმრობაში 49 კილომეტრი გამოგვივიდა, თან ვიდეოს გადაღება, თან სიცხე და კი დავიქანცეთ, ტრანსპორტის ამბავი ჭირს. ერთი ჩვენიანი ავტოსტოპით ტრასამდე გაყვა, იქიდან ისევ ავტოსტოპით განძანამდე სადაც ჩვენი მანქანა გვქონდა დატოვებული, წამოიყვანა მანქანა ჩვენც ჩაგვისვა და წალკის გავლით დავბრუნდით ცხელ დედაქალაქში. კარგი გასვლა გამოვიდა. ვფიქრობ, ივნისში და სექტემბერში, სეზონიდან გამომდინარე, კიდევ უფრო განსხვავებული გარემო შეიძლება დაგხვდეთ. ასევე, შეიძლება, რომ მანქანით ლევანის ტბამდე მიხვიდეთ ახალქალაქიდან, ხულგუმოდან - დასცეთ ბანაკი და ტვირთის გარეშე მოინახულოთ მის გარშემო არსებული ლამაზი ალპური ტბები და მთის მწვერვალები. სამომავლოდ, ალბათ, ასეც მოვიქცევი.

ვიდეოს გადაღებაში გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, განსაკთრებული მადლობა დავით მუმლაძეს და ნინო ხაზალაშვილს.

ტურისტული ინფორმაცია რეგიონზე შეგიძლიათ იხილოთ აქ https://visitsj.ge/what-to-do/hiking-...

მონტაჟის რეჟისორი: თინათინ მუმლაძე

ვიდეოები „ლაშქრობა"-ისგან