ენგურის ხიდზე გადამსვლელთა რიგია

06/22/2020
Radio Atinati-ის მიერ

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ენგურის ხიდი ცალმხრივად დროებით გახსნეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას მოქალაქეები 22, 23 და 24 ივნისს, დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ.
მანამდე, მათ ქართულ საგუშაგოსთან რიგში ჩადგომა და საველე ჰოსპიტალში თერმოსკრინინგის გავლა უწევთ. ამის შემდეგ, აფხაზეთში გადამსვლელებმა დაახლოებით, 1.5 კმ ფეხით უნდა გაიარონ, რადგან ხიდზე ტრანსპორტი პანდემიის გამო არ მოძრაობს.

ადმინისტრაციულ საზღვართან მოსული მოქალაქეების უმეტესობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან ძირითადად სამკურნალო მიზნებით გადმოვიდნენ, შემდეგ კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს.

„აქედან არ მიმაქვს არანაირი საბუთი, მაქვს იქაური პასპორტი, რომლითაც გადავდივარ, მიმყავს ბავშვები. იქ მძიმე მდგომარეობაა ეკონომიური, მიმაქვს ყველაფერი, განსაკუთრებით წამლები“, - გვითხრა ერთ-ერთმა ქალმა.

მოქალაქეების თქმით, შეზღუდვის მოხსნის შესახებ მათ მედიით შეიტყვეს.

„ხელი მქონდა მოტეხილი და იმიტომ ვიყავი გადმოსული, ყველაფერი ნორმალურად, გავიარე შემოწმება და გადავდივარ ახლა“, - ამბობს მიმოზა კიკალია.

გამყოფ ხაზთან მყოფი მოქალაქეების ნაწილი კი ხიდთან ოჯახის წევრებთან პირველადი საჭიროების მედიკამენტების, პროდუქტის ან ტანსაცმლის გასაგზავნად მივიდა.

„ავტობუსს ველოდები, გასაგზავნი მაქვს რაღაცეები, ჩარჩენილები არიან ჩემი მშობლები კორონავირუსის გამო...“, - გვითხრა ახალგაზრდა მამაკაცმა.

ინფორმაციისთვის, ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვლიდან შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

26 მაისიდან სოხუმმა ცალმხრივად,რამდენიმე დღით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით ჩაკეტა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან