დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი

12/13/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სამშენებლო კომპანიისა და დევნილთა სამინისტროს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ, ვინც ჩასახლება, მათი მტკიცებით, არასწორად დამონტაჟებული საკანალიზაციო სისტემით ჩაიბარა. მათი თქმით, ამ დროისთვის წყლის მიწოდება აღდგენილია, თუმცა, დევნილებისთვის დაგროვილი დავალიანების საკითხი კვლავ გაუგებარია.

„რატომ არის ამდენი დავალიანება, საიდან, არ ვიცით. მივმართავთ პრემიერს, რომ გამოყოს სპეციალური ჯგუფი და შეისწავლონ ადგილზე, რა ხდება, რა სიტუაციაა“, - ამბობენ დევნილები.დღესვე მათთან ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, მან საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წყლის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხიმგებელი პირების მოწვევის შუამდგომლობა დააყენა.

„უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იყო პასუხისმგებელი შესრულებულ სამუშაოებზე. საუბარია სამშენებლო კომპანიის, დევნილთა სამინისტროს და იმ თანამდებობის პირეზე, ვინ ხალხს ეუბნებოდა, რომ წყლის მიღება იყო უსაფრთხო. ვითხოვთ, რომ ამ ხალხს დაუმონტაჟდეს თავიდან კანალიზაცია და დავალიანება, რომელიც ახლა არის, მთლიანად დაფაროს წყალკანალმა ან ნებისმიერმა სხვა უწყებამ“, - განმარტა წითლიძემ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დევნილთა სამმართველოში. აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ დევნილთა მოთხოვნებს ჟურნალისტებთან უპასუხა. მისი ინფორმაციით, დავალიანება, ინდივიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ გარკვეულ პერიოდზე გადანაწილდება, რაც შეეხება წყლის ვარგისიანობას, წყალკანალი ამ საკითხზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.„რაც შეეხება არასწორად გაკეთებულ საკანალიზაციო მილებს, ჩატარდა ექპერტიზა და არსებობს დასკვნა, რომ სამუშაოები ნორმის ფარგლებში არის ჩატარებული. წყლის დაბინძურებას რაც შეეხება, იყო დამონტაჟებული წვეთოვანი, რითაც იფილტრებოდა ეს წყალი და ეს პროცედურა გაგრძელდება“, - თქვა ჩილაჩავამ.

გარდა ამისა, ჩილაჩავა კანალიზაციის სისტემის მწყობრიდან ხშირად გამოსვლას იქ მცხოვრები მოსახლეობის დაუდევრობას აბრალებს, რადგან წმენდის დროს კანალიზაციიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს იღებენ.

დავალიანების 20 000 ლარის გამო დევნილებს წყლის მიწოდება, რამდენჯერმე შეუწყდათ. მათ აღნიშნულთან დაკავშირებით აქციები გამართეს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიწოდებული წყალი სასმელად უსაფრთხო არ არის. რაც შეეხება წყალკანალს, კომპანიაში ამბობენ, რომ ჩასახლებას ბალანსზე წლის ბოლომდე აიყვანენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან