მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ქალთა საჭიროებები

12/03/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

სასტუმრო რედისონში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ქვემო სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ზემო აჭარა, დუშეთი.. კვლევა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეხებოდა.
ლელა გაფრინდაშვილი კვლევაზე უშუალოდ მუშაობდა. შედეგები მისთვის გასაკვირი არ ყოფილა. ქალთა საინფორმაციო ცენტრთან მან იმ ძირითად პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ:
პენსია, შიდამეურნეობა, უცხოეთში მყოფი ნათესავების გამოგზავნილი ფული, ეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა შემოსავლის ძირითადი წყაროა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საკუთარი საჭიროებებისათვის თანხებს ისინი იშვიათად ხარჯავენ. სერიოზული პრობლემებია ჯანმრთელობაზე ზრუნვის მხრივაც. გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია კვლევის შედეგების გაცნობას მთავრობისათვის გეგმავს. რეინტეგრაციის, დევნილთა, რეგიონული განვითარებისა და განათლების სამინისტრო მათ შორის მთავარი უწყებებია. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის, მათი უფლებებისა თუ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ქალთა მეტი ინფორმირებულობისათვის, რეგიონებში საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა აუცილებელია.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/