ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა


2022 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მომჩივანი - ბაჩანა ახალაია ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას - 9 თვეს. ამასთან, მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანს.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია გამოძიების განზრახ გაჭიანურებას და საქმეების ხელოვნურად დაყოფას იმ მიზნით, რომ ხელოვნურად გაგრძელებულიყო მისი წინასწარი პატიმრობა. ასევე, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით, ადგილი არ ჰქონია რაიმე კანონდარღვევას საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან.
ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს.
ამასთან, ევროპულმა სასამართლომ რელევანტურად და საკმარისად მიიჩნია ის საფუძვლები, რის გამოც შიდა სასამართლოებმა ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე - 2012 წლის 9 ნოემბერს, 2013 წლის 2 მარტს და 26 ოქტომბერს შეუფარდეს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, როგორც ბაჩანა ახალაია, ასევე მისი უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და ბრალდებულის მიმართ წარმოებული გამოძიების ფარგლებში ხდებოდა მოწმეებზე ზეწოლა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
ევროპულმა სასამართლომ ასევე დაუშვებლად გამოცხადა მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, მათ შორის ბაჩანა ახალაიას მიმართ „პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას“ ადგილი არ ჰქონია.
ასევე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიას სხვადასხვა დროს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რომლებზეც დღეის მდგომარეობით მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. ბაჩანა ახალაიამ განაჩენთა ერთობლიობით, სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრულ სასჯელი მოიხადა, კერძოდ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით (ე.წ. ციხის ბუნტის საქმე) ბაჩანა ახალაია ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მოცემულ საქმეზე მსჯავრდებული ბაჩანა ახალაია შეწყალებული იქნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით (სანდრო გირგვლიანისა და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები), ბაჩანა ახალაია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით, (ე.წ. სერგო თეთრაძის წამების საქმე), ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით, (დავით ლონდარიძის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (სერგო თეთრაძის ეპიზოდი), სსკ-ის 25, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით (გიორგი გორელაშვილის ეპიზოდი), ასევე 25, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
https://pog.gov.ge/news/adamianis-ufl...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან