The holy fire from Jerusalem 2017 | ცეცხლის გადმოსვლა

04/15/2017
info rustavi-ის მიერ

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა. ამ სასწაულის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში. „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრება, ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ ბიბლიურ დამოკიდებულებას. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველი აღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონების წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს.

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმიდა იაკობის ტაძრის გავლით აღდგომის ტაძრის საკურთხევლისკენ მიემართება და მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. რამდენიმე წუთის შემდეგ საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები და ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელებზე ემთხვევიან. შემდეგ ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 ბაირაღით, მას სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მოსდევს იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მსვლელობა ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლის გალობით, შემდეგ სამგზის კუვუკლიას და ჩერდება მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს : http://inforustavi.ge/
შემოგვიერთდით Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/inforustavi
გამოგვყევით Twitter-ზე: https://twitter.com/inforustavi

For more information visit us on : http://inforustavi.ge/
Facebook : https://www.facebook.com/inforustavi
Twitter: https://twitter.com/inforustavi

ვიდეოები „info rustavi"-ისგან