ყოფილი საჯარო მოხელისა და ჟურნალისტის ურთიერთბრალდებები

03/20/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე გიზო სართანია ინტერნეტ-გამოცემა „smoge.org-ის“ რედაქტორს, მალხაზ ბასილაის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბასილაია სამგერელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას დავალებით, მისი ღირსებების შემლახავ მასალებს აქვეყნებს.

მისივე განმარტებით, საქმე ეხება სააგენტოში 2017 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც სართანიას გამგებლის მოადგილის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მიღებულ ხელფასებზე, პრემიებსა და მის მიერ გახარჯულ საწვავზეა საუბარია. ამ ფაქტს ის 13 მარტს გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერ აქციას უკავშირებს, რომლის ორგანიზატორიც თვითონ იყო და ამბობს, რომ მისი გააქტიურება ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწყობს და მსგავსი მეთოდებით ებრძვიან.

„არც ხელფასი და არც პრემია თუ რამდენს ავიღებდი ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, იმდენი მერიცხებოდა, რამდენიც სხვა გამგებლებს. რაც შეეხება საწვავს, თვეში 300-400 ლიტრამდე საწვავს ვხარჯავდი, ყოველდღიურად მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა,არ დამიტოვებია არც ერთი მოქალაქე, რომელმაც ხმა მომაწვდინა, ყველასთან მივედი და მივაქციე ყურადღება. ჩემს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არასოდეს უსარგებლიათ სამსახურის მანქანით, როგორც ამას სხვები აკეთებენ“, - თქვა გურგენ სართანიამ.

თავის მხრივ სააგენტოს რედაქტორი მალხაზ ბასილაია გამოთქმულ ბრალდებებსა და გუბერნატორთან მის ყველანაირ კავშირს უარყოფს. ბასილაიას თქმით, საჯარო მოხელეების პრემიებსა და საწვავზე პერიოდულად, სხვა სააგენტოების მსგავსად დებდა ინფორმაციას. ამასთან ის ყოფილ საჯარო მოხელეს, ცილისწამებაში ადანაშაულებს და გუბერნატორთან მისი თანამშრომლობის დამადასტურებელ ფაქტებს მოითხოვს.

„იმ პერიოდში, როდესაც გურგენ სართანიას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი იყო, არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია მის მიერ დახარჯული საწვავისა და პრემიების შესახებ, გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია, და ამაში დეზინფორმაცია აბსოლიტურად არ არის და თუ არის, რატომ არ მიმართავს სასამართლოს. მეც უნდა დავდო ბრალი გიზო სართანიას, რომ მივრცელებს დეზინფორმაციას თითქოს მე ვხვდები ლევან შონიას, დადოს ამის ფაქტები“, - აღნიშნა მალხაზ ბასილაიამ.

სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ზემოაღნიშნული სტატიის მიხედვით, ყოფილმა საჯარო მოხელემ 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელფასისა და პრემიის სახით 119.622 ლარი და 20 ტონა საწვავი მიიღო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან