ზუგდიდელმა ოჯახმა მიუსაფარ ძაღლებს თავშესაფარი მოუწყო

01/04/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე ერთი-ერთი სახლის წინ პატარა, სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარს ნახავთ, სადაც ოთხი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს. ასე სიცივისა და წვიმისგან მათ დაცვას პაპიკაშვილების ოჯახი ცდილობს. სწორედ მათ მოუწყეს ძაღლებს ჭიშკართან ახლოს დროებითი თავშესაფარი.
„რადგან ზამთარია, ცივი და წვიმიანი დღეებია, გვინდოდა, რომ დავხმარებოდით ამ ძაღლებს, რომ უფრო თბილად ყოფილიყვნენ, ამიტომაც დავშალეთ კარადა და ასეთი პატარა სახლუკა გავუკეთეთ“, - გვითხრა 67 წლის ნანული პაპიკაშვილმა, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს, 5-6 წელია უვლის.
წრიპას, ტუზიკას,ცუცას და უსინათლო სიმბას სახელები სწორედ ნანული პაპიკაშვილმა დაარქვა. ამბობს, რომ ისინი მისი ძაღლებია და ამდენივე წელია მათზე ზრუნავს. ყოველ დღე კვებავს მათ და ნერვიულობს, თუ „სახლში“ მოსვლა რომელიმე მათგანმა დააგვიანა.
„ამ პატარა სახლის მოწყობამდეც აქ ცხოვრობდნენ, ჩვენს ჭიშკართან. მეც მიყვარს და თვითონაც ვუყვარვართ, მიჯერებენ, ჭკვიანები არიან. გარდა ამისა, გვიცავენ ჩვენ და იცავენ მიმდებარე ტერიტორიასაც“, - გვითხრა მან.
კიდევ ერთი ძაღლი პაპიკაშვილებს, დაახლოებით, 6 თვის წინ დაეკარგათ. განიცდიან და ცდილობენ, დარჩენილ ოთხფეხა მეგობრებს ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლონ.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან