მოხუცთა თავშესაფარი

04/10/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/
ავლაბარში, სამების ეკლესიასთან ახლოს მდებარე ამ სახლში, რამდენიმე მოხუცი ცხოვრობს. წმინდა გაბრიელის სახელობის თავშესაფარი აქ მათთვის მარინა ბორშუკოვმა მოაწყო.
დაწესებულება ხუთი თვეა არსებობს. მას მთლიანად მარინა ბერშუკოვა პატრონობს. ქირას და მოხუცების შენახვის თანხასაც თავად იხდის. ექთნები აქ 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, მეგობრები უანგაროდ ეხმარებიან.
ამჟამად, აქ ხუთი მოხუცია. ორი საავადმყოფოში წევს, სამი კი სახლშია. მათ ისტორიას ერთნაირი დასასრული აქვს - ისინი ქუჩაში, უპატრონოდ და თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
მოხუცები დღეს, ძირითადად, ძილში ატარებენ. თავშესაფარს ფინანსურად ძალიან უჭირს. საწოლებით, თეთრეულითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მოხუცებს საპატრიარქო და რიგითი მოქალაქეები ეხმარებიან. მიუხედავად ამისა, შემიწირულობა საკმარისი არ არის.
ქალბატონმა მარინამ დახმარების თხოვნით რამდენიმე ბიზნესმენსაც მიმართა, თუმცა პასუხი არავის გაუცია. თავშესაფრის დახმარება ნებისმიერ მსურველს იმით შეუძლია, რაც აქვს. აქ საკვებიც მოაქვთ და ტანსაცმელიც. დახმარების მსურველთ პანსიონში ტელეფონით დაკავშირება, ასევე სპეციალურ ნომრებზე დარეკვაც შეუძლიათ. თუმცა, როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, თანხა ჯერ არავის გადმოურიცხავს.
გარეთ ცუდი ამინდია. ბებოები დასაძინებლად ემზადებიან. თუ ხვალ კარგი ამინდი იქნება, ეზოში გავლენ და მზეს მიეფიცხებიან, მათი დიასახლისი კი საკუთარი და კეთილი ადამაინების დახმარებით, მათ არაფერს მოაკლებს.