შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა


შსს-ს ახალი სამაგისტრო პროგრამის პირველი სასწავლო წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა ოფიციალურად გახსნეს. მათთან ერთად აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებს სასწავლო წლის დაწყება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა და თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა მიულოცეს. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, რომელიც შსს-ს აკადემიის კურატორია, პროგრამაზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ხოლო მაგისტრანტებმა მათთვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან ის სამართალდარღვევათა პრევენციაზეა ორიენტირებული. შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, შსს-ს აკადემიის სამაგისტრო კურსზე სამართლის ბაკალავრის დიპლომის მქონე 39 მსურველი ჩაირიცხა. აკადემიის სამაგისტრო პროგრამა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ სამართლის ბაკალავრებს უფასოდ შეუძლიათ გაიარონ ორწლიანი პროგრამა და ამასთანავე უწყებაში დასაქმების რეალური პერსპექტივა აქვთ. ორწლიანი კურსის განმავლობაში მიმდინარეობს როგორც თეორიული სწავლება, ასევე ტაქტიკური, ფიზიკური მომზადება და საწარმოო პრაქტიკა. საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მაგისტრანტები უზრუნველყოფილნი არიან საერთო საცხოვრებლით. სტუდენტების სარგებლობაშია შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკა, სადაც მათთვის საჭირო ყველა სახის უახლესი სასწავლო ლიტერატურა მოიპოვება და აკადემიის მთლიანი ინფრასტრუქტურა.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:http://goo.gl/AaGnhV

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან