პანდემიისას გაშენებული ქლიავის პირველი პლანტაცია სამეგრელოში

05/20/2021
Radio Atinati-ის მიერ

პროფესიით ბუღალტერმა ზვიად ლეჟავამ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სოფლის მეურნეობა აინტერესებდა, ჯერ თხილის, შემდეგ მოცვის, დაახლოებით ერთი წლის წინ კი, ქლიავის პლანტაციაა გააშენა.

რადგანაც ბაღის გაშენებისას ადგილის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, ზვიადმა ბანკისგან სესხი აიღო და წალენჯიხის სოფელ ლიაში იყიდა მიწა, რომელზეც 1500 - მდე ძირი ამერიკული სტენლის ჯიშის ქლიავის ნერგი დარგო.

,,მაინტერესებდა ქლიავის გაშენება. ჩვენთან სამეგრელოში არ არის განვითარებული ეს კულტურა, მერე მომისწრო პანდემიამ, მაგრამ პანდემიას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, მაინც გავაგრძელე და გავაშენე შარშან ქლიავის პლანტაცია. სტერლის ჯიშია, გავრისკე და ვნახოთ როგორ გამოვა. მემგონი გაამართლებს. ნერგები რომ შევიძინე დაახლოებით სამოცდაათი სანტიმეტრი იყო, ახლა თითქმის მეორე სამოცდაათი სანტიმეტრია გაზრდილი და წელს კიდევ გაიზრდება“, - გვეუბნება ფერმერი.

მისთვის კორონავირუსის გავრცელებას მიწის დამუშავებასა და პლანტაციის გაშენებაში ხელი არ შუშლია, რადგან სპეციალური საშვის მიღება მოახერხა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები რომ ბოლომდე მიეყვანა.

გვიყვება, რომ თავდაპირველად ქლიავის პლანტაციის გაშენებაში დახმარება დასჭირდა, ამიტომ ერთ-ერთ გამოცდილ აგრონომს, ბაჩანა პაჭკორიას, მიმართა.

,,არ შეუშინდა ბატონი ზვიადი ამ კულტურის გაშენებას და ჩვენც, რითაც შეგვეძლო რჩვები მივეცით, თუ როგორ გაეშენებინა, და შედეგიც სახეზეა. ერთი წლის ნარგავებია, ჩამოვიდა პატარა ნერგები, 100 %-ით გახარებულია ყველა ძირი და ეს კარგი შედეგია. ჩვენი დახმარებით ნიადაგი სწორად დამუშავდა ისე, როგორც საჭირო იყო. ყველანაირი შეწამლვა და სასუქების შეტანა მოხდა აქაური ნიადაგის და კლიმატის ზუსტი გათვალისწინებით ’’, - გვეუბნება აგრონომი ბაჩანა პაჭკორია.

ზვიადმა იცის, რომ წელს მისი საქმიანობა მოგებიანი ვერ იქნება, თუმცა ისიც იცის, რომ მომავალში ქლიავის ერთი ძირი სრულმსხმოიარობაში 100 -150 კგ - ს მოისხამს და დიდ მოსავალს მიიღებს.

40 წლის მეწარმე აფხაზეთიდანაა. ახლა ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ქლიავი გააშენა, მისი ყოველი დილა 6 საათზე პლანტაციაში იწყება. ბაღში 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ნარგავებს მათთან ერთად უვლის. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა ძალიან უყვარს, ამიტომაც შრომატევადი საქმე არ ღლის.

,,მიდის გასუფთავება, გასხვლა, მონიტორინგი. თუ პრობლემა შეექმნა მცენარეს, ვუკავშირდებით აგრონომებს, თითქმის ყოველდღე აქ ვარ, წელიწადში რამდენიმეჯერ შეწამვლა სჭირდება, ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვაკვირდები ყველა ნერგს, ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა, მიხარია მოვლილ და გაზრდილ ნერგს რომ ვუყურებ’’, - ამბობს ზვიადი.
ზვიად ლეჟავა პირველ მოსავალს მომავალ წელს ელოდება და უკვე ახალ გეგმებს აწყობს - ქლიავის ჩირის დამზადებას და ევროპაში გატანას გეგმავს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinat.  .

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან