კლასიკური ბურგერი | შეფი ლუკა ნაჭყებია

02/20/2021
Taste Corporation-ის მიერ

ბურგერის და ბურგერის კომპონენტების მომზადების წესი და რეცეპტი:

ბურგერის პური:    • ბურგერის პური | შეფი ლუკა ნაჭყებია  

მჟავე კიტრი (2 საათიანი)

ინგრედიენტები:
• საპიკულე კიტრი - 250გ
• ნიორი - 4 საშუალო კბილი
• პილპილის მიქსი - 2გ
• მიხაკი - 4 ღერო
• შაქარი - 100გ
• ვაშლის 6%-იანი ძმარი - 150გ
• წყალი - 250გ
• მარილი - 5გ ან 1 ჩაის კოვზი
• დაღერღილი წიწაკა (შებოლილი თუ გაქვს, ჩემპიონი ხარ) - რამდენიც შენს გულს
გაუხარდება.


მომზადების წესი:
- კიტრი თხელ მონეტებად დავჭრათ;
- ნიორიც ძალიან თხლად დავჭრათ;
- მოვათავსოთ ჭურჭელში ნოირი და კიტრი, მოვაყაროთ ახალი დაფქვილი პილპილი და ჩავყაროთ 4 მიხაკი.
- ქვაბში ჩავასხათ ძმარი და წყალი, ჩავყაროთ შაქარი და შებოლილი ცხარე წიწაკის ფანტელები. წამოვადუღოთ, გავხსნათ შაქარი კარგად და დავაცადოთ წიწაკას 1-2 წუთი, რომ გემო კარგად გაუჯდეს.
- დავასხათ ძმრიანი სითხე კიტრს, დავუმატოთ მარილი და კარგად მოვურიოთ. დავახუროთ სახურავი და შევინახოთ მაცივარში 2 საათის მანძილზე, ან მანამ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.
აქვე, თუ კი ნიორი გალურჯდა, არ შეგეშინდეს! ნიორში არსებული გოგირდი მჟავასთან რეაქციაში შედის და იცვლის ფერს, ოღონდ უწყინარად.










კეტჩუპი (მარტივი ვარიანტი)

ინგრედიენტები:
• კანგაცლილი პომიდორის კონსერვი - 500გ
• ტომატ-პასტა - 20გ
• ნიორი - 1 კბილი
• ხახვის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
• ნიორის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
• მიხაკის ღერო(თავის გარეშე) - 8 ცალი
• შაქარი(დემერარა) - 100 გ ან ნახევარი ჭიქა
• მარილი - 5 გრამი ან ერთი ჩაის კოვზი
• ვაშლის ძმარი 6% - 30მლ
• წყალი - 100მლ
• სიმინდის სახამებელი - 5 გრამი ან 2 ჩაის კოვზი გახსნილი 50მლ წყალში

მომზადების წესი:
- ბლენდერში გავაერთგვაროვნოთ კანგაცლილი პომიდვრები, დავუმატოთ ტომატ-პასტა და 1 კბილი ნიორი. დავაბლენდეროთ მანამ, სანამ მოთმინება არ ამოგვეწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასა რაც უფრო გლუვი იქნება, მით უფრო კარგია.
- ცალკე, ფილთაქვაში გავაერთგვაროვნოთ მიხაკი, ნიორი, ფხვნილი და ხახვის ჩიფსი. (ან გამოიყენეთ უკვე დაფქვილი სუნელები.)
- ქვაბში მოვათავსოთ პომიდვრის მასა, დავუმატოთ სუნელები, შაქარი და მარილი. წამოვადუღოთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.
- წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ძმარი და წყალი. მთავარია ძალიან არ დადუღდეს, ამიტომ აუცილებლად სუსტ ცეცხლზე ვიმუშაოთ.
- დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, დავამატოთ სიმინდის სახამებლიანი წყალი და კიდევ 5 წუთი ვადუღოთ. შემდეგ, გავაგრილოთ.

საუკეთესო გემოსთვის, მეორე დღეს გამოყენება ჯობს.
ან, შეგიძლიათ მაღაზიაში იყიდოთ კეტჩუპი და ამდენი აღარ გაისარჯოთ, მაგრამ სიმართლეს გეტყვით - გვეწყინება.







მაიონეზი
ინგრედიენტები:
• კვერცხი 0-კატეგორიის (მაქსიმუმ 6-7 დღის) – 1 ცალი
• მდოგვი დიჟონური, საშუალო სიძლიერის - 1 მსუყე ჩაის კოვზი
• ძმარი ვაშლის 6% - 1 სუფრის კოვზი ან 15მლ
• მარილი - 1 გრამი
• შაქარი, თეთრი - 2 გრამი
• ზეთი, მზესუმზირის - 250გ

მომზადების წესი:
- პირველ რიგში, გვჯერა, რომ მაიონეზის გაკეთების ინსტრუქცია არ გჭირდებათ.
თუმცა არ დავიღლებით საუკეთესო შედეგის მიღწევაში რომ დაგეხმაროთ.
- კვერცხი ჩავტეხოთ ჭურჭელში და დავამატოთ მდოგვი, მარილი, შაქარი და ძმარი.
- დავაბლენდეროთ მასა გაერთგვაროვნებამდე და შემდეგ დავიწყოთ ნელ-ნელა ზეთის შეყვანა, რათა მასა მდგრადი გახდეს.
სოუსიც მზადაა.



ბურგერის ფეთი და აწყობა
ინგრედიენტები:
• საქონლის ხორცი, კისრის ან ბეჭის - 700გ
• საქონლის ქონი, სასურველია მუცლის - 250გ
• ვორსესტშირის სოუსი (‘’ვორჩესტერს’’ რომ ვეძახით:) – 15გ
• მდოგვი დიჟონური, საშუალო - 20გ
• მონომატრიუმის გლუტამატი (აჯინომოტო, MSG და კიდევ სხვა სახელები:) - 5გ
• ზეთი - შესაწვავად 20მლ
• მარილი - თითო ფეთიზე - 1-2გ

ინგრედიენტები 1 ჩიზბურგერისთვის
• 1 პური, შუაზე გაჭრილი
• კარაქი, შუაზე გაჭრილი პურის გასახუხად
• მჟავე კიტრი - 6-7 ნაჭერი
• მაიონეზი - 1 ჩაის კოვზი
• კეტჩუპი - 1 ჩაის კოვზი
• პომიდორი, ვარდისფერი - ერთი 3-4მმ სისქის ნაჭერი.
• ჩედარი, ყვითელი, დაუძველებელი - ორი 1.5მმ სისქის ნაჭერი
• ხახვი, თეთრი - 1-1.5 მმ სისქეზე დაჭრილი რკალები
• ბეკონი, ღუმელში გამომცხვარი, 180 გრადუსზე გაოქროსფერებამდე.

მომზადების წესი:
- ფარში გავატაროთ, დავამატოთ ვორსესტშირის სოუსი, მდოგვი და გლუტამატი.
კარგად მოვზილოთ და დავატყეპოთ რამდენჯერმე, რათა ჰაერის ბუშტუკები მოჯდეს.

- ფარში დავყოთ 8 თანაბარ ბურთად, კვლავ დავატყეპოთ და მაცივარში მოვათავსოთ.

- ტაფა გავაცხელოთ, ბურთები დავდოთ ტაფაზე და გავაბრტყელოთ (ანუ, დავსმეშოთ). შევწვათ ტემპერატურის დავარდნის გარეშე. არ შეგეშინდეთ დაწვის, ოდნავ გაშავება გემოს ხელს შუწყობს, დაახლოებით მწვადის პრინციპით.

1 მხარე რომ დაიბრაწება, გადმოვატრიალოთ, დავადოთ ჩედარი და მეორე მხარეც დავბრაწოთ.
ჯამში, შეწვას 5 წუთზე მეტი არ სჭირდება.


აწყობა:

პური გაჭერით, კარაქში გახუხეთ, ერთ ნახევარზე წაუსვით კეჩუპი, მეორეზე მაიონეზი (ან აურიეთ), ქვედა მხარეს დადეთ ჯერ მჟავე კიტრი, დაადეთ პომიდორი, შემწვარი ფეთი, შემდეგ ხახვი, ბეკონი და პური.

იამაყე, ჩემპიონო! შენ უკვე იცი, თუ როგორ კეთდება კლასიკური ბურგერი.
რომ გააკეთებ, გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი, ჩვენიანი იქნები!

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან