სტალინური რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

02/25/2019
Caucasian House-ის მიერ

23 02 2019
75th of anniversary of deportation of Chechen and Ingush people.

1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნებისა და ინგუშების ჩრდილოეთ კავკასიიდან შუა აზიაში გადასახლების სპეცოპერაცია დაიწყო. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა მშობლიურ მიწაზე მცხოვრებ ვაინახებს ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და გადასახლების ოფიციალურ მიზეზადაც მტერთან კოლაბორაციას ასახელებდა. სხვადასხვა მონაცემებით საკუთარი საცხოვრებლის მიტოვება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. სამხედროების ძალადობის, სატვირთო ვაგონებით უმძიმეს პირობებში მგზავრობისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა შემთხვევების შედეგად ასოც ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. გადარჩენილმა ჩეჩნებმა და ინგუშებმა, მათმა შთამომავლებმა სამშობლოში დაბრუნება სტალინიზმის ეპოქის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოახერხეს. რეპატრიაციის პროცესი მეოცე საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

2019 წლის 23 თებერვალს, 18:00 საათზე ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „კავკასიური სახლი“ უმასპინძლებს. მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები ისაუბრებენ ტრაგედიის მნიშვნელობაზე, გადასახლების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებზე, ვაინახთა თანამედროვე ყოფის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. დარბაზში გამოფენილი იქნება დეპორტაციის ამსახველი სხვადასხვა მასალები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმენტური ვიდეო-რგოლი და შესრულდება მუსიკალური ნომერი ჩეჩნურ ენაზე.

„კავკასიური სახლი“ საღამოს “კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის” პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის ხსოვნას უძღნის. ბ-ნი იდიგოვი 1969 წელს სოფელ იანდიგუათარში, რეპატრიანტთა ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა იურიდიული და სამედიცინო განათლება. სხვადასხვა დროს მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩეჩნეთისა და საქართველოს წარმომადგენლობებში. 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მიმდინარეობისას, სამხედრო ქირურგის
მოვალეობის შესრულების დროს ფედერალურმა ძალებმა იდიგოვი ტყვედ აიყვანეს. ექიმი ექვსი თვის განმვალობაში ხანკალის საფილტრაციო კოლონიაში იმყოფებოდა.

2000 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ კვირამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, მონაწილეობდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, გახლდათ საქართველოს პარლამენტის კონსულტანტი კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხებში. 2010 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „კავკასიური სახლისათვის“ შენობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. უმარ იდიგოვმა უდიდესი წვლილი შეიტანა „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა ორგანიზბისა და დაწესებულების გადარჩენის საქმეში.

ვიდეოები „Caucasian House"-ისგან