მესხთა დეპორტაციის დღისადმი მიძღვნილი საჯარო დისკუსია | 15.11.2020

11/19/2020
Caucasian House-ის მიერ

1944 წლის 15 ნოემბერს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და უშიშროების სამსახურების გადაწყვეტილებით, სამხრეთ საქართველოს ხუთი რაიონიდან შუა აზიაში გადაასახლეს ეროვნებით ქართველი და სარწმუნოებით მუსლიმი მესხები. ოფიციალური საბჭოთა ცნობების თანახმად, მათი რაოდენობა შეადგენდა 92 307 ადამიანს. მესხები დაასახლეს უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საბჭოთა რესპუბლიკებში.
12 წლის განმავლობაში მესხები კომენდანტის რეჟიმში ცხოვრობდნენ. სტალინის გარდაცვალებისა და სკკპ მე-20 ყრილობის შემდეგ კი მათ მიეცათ საბჭოთა კავშირის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების საშუალება. 1957 წლიდან დეპორტირებულმა მესხებმა დაიწყეს ბრძოლა სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა დღემდე მხოლოდ რამდენიმე ასეულმა მათგანმა მოახერხა რეპატრიაცია.
1989 წელს უზბეკეთში, ფერღანის ხეობაში მცხოვრები მესხები ადგილობრივებმა ეთნიკურ ნიადაგზე დაარბიეს. ამის შემდეგ 70 000 მესხი საბჭოთა კავშირის 7 სხვადასხვა რესპუბლიკაში გაიფანტა, ხოლო საქართველომ მათ მიღებაზე უარი თქვა.
ამჟამად მესხთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს. ისინი გაფანტულნი არიან მრავალ ქვეყანაში, შუა აზიიდან ამერიკის კონტინენტამდე.
საქართველომ 2007 წელს, ევროსაბჭოს მიმართ აღებული ვალდებულების თანახმად, მიიღო კანონი იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ. დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ დაახლოებით 1500 მესხი ცხოვრობს.


კვირას, 18:00 მოწვეულ სტუმრებთან ერთად გავიხსენეთ მესხთა დეპორტაციის მძიმე ისტორია და ვისაუბრეთ რეპატრიაციის ამჟამინდელი გამოწვევების შესახებ.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
ცირა მესხიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის თავმჯდომარე;
სანდრო ხოზრევანიძე - ხალილ გოზალიშვილის სახელობის მსოფლიო მესხთა საერთაშორისო კონგრესის თავმჯდომარე;


საჯარო დისკუსია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა კავკასიური სახლის Facebook-გვერდზე.


„კავკასიურ სახლს“ ათზე მეტი მხატვრული და სამეცნიერო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული მაჰმადიანი მესხების საკითხთან დაკავშირებით. „კავკასიური სახლის“ დამფუძნებელი, მწერალი ნაირა გელაშვილი მესხების პრობლემების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი გახლდათ. კომისია პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგობის გამო დაარსებიდან რამდენიმე თვეში გაუქმდა.

ვიდეოები „Caucasian House"-ისგან