პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“

06/19/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 ივნისიდან 3 სექტემბერამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება პროექტის - „შემოსაზღვრე საქართველო“ რამდენიმე ეტაპი. პროექტი კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვის მიზნით ხორციელდება. 18 ივნისს, ქართველი მწერლები სოფელ რუხს ესტუმრნენ და მკითხველებთან კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთველოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა ლექცია „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ; კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობაზე ლექცია წაიკითხა ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა სალომე კაპანაძემ. შეხვედრების პარალელურად, რუხის ციხეში კონცერტი გამართა ფოლკლორის ანსამბლმა „ოდოია“. აქვე მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა და კონცერტი როგორც მოწვეული, ასევე ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა ქალაქ ზუგდიდშიც - ზუგდიდის კულტურის ცენტრში, ჩრდილების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა „აფხაზეთი\"-„ბუდრუგანა-გაგრა“ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სპეკტაკლი გამართა. შედგა უკანასკნელი პერიოდის სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები საჩუქრად გადაეცა ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს. პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით 9 ივლისს - სოფელ დიცში, 6 აგვისტოს - განმუხურში, 3 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან