“ათინათმა“ საჯარო გამოსვლის ხელოვნების კონკურსი ჩაატარა

02/27/2019
Radio Atinati-ის მიერ

ასოციაცია „ათინათის“ პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში საჯარო გამოსვლის ხელოვნების კონკურსი თემაზე „განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა პროექტში ჩართული პარტნიორი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებიც, ამავე დროს ახალგაზრდული კლუბის წევრები არიან. პირველ ეტაპზე თითოეულმა გამომსვლელმა სამ წუთში წარადგინა სიტყვა აღნიშნული თემის შესახებ, რის შემდეგაც ისინი სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა და შემდეგ ეტაპზე 15-დან 6 მონაწილე გადაიყვანა.


„ძალიან საინტერესო ღონისძიება შედგა. კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის და მივესალმები ამ პროექტს, რადგან სწორად იყო ინფორმაცია მიწოდებული და მონაწილეები ძალიან მომზადებულები მოვიდნენ“, - აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა \"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის\" თავმჯდომარემ ციცინო შენგელიამ.


მის გარდა ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან წულაია, მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსის დავით შამათავა და ტექნოპარკის მენეჯერი ანუკი ასათიანი. მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა ექსპრომტად, 10 წუთის განმავლობაში მოამზადეს სიტყვა თემაზე ,,მე, როგორც აქტიური მოქალაქე...“ ჟიურიმ კი გამარჯვებულები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით გამოავლინა. საბოლოოდ, ასოციაცია „ათინათის“ პრიზი - პლანშეტი გამარჯვებულებს - ინგირის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გუგუჩიას, ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მოხვაშსა და ოდიშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ჯაგუნავას გადასცეს.

„ეს აქტივობა ახალგაზრდებს უვითარებს კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასოციაცია ხელს უწყობს ახალგაზრდებს, რომ სწორედ ამ მიმართულებით განვითარდნენ“, - თქვა პროექტის კოორდინატორმა სალომე ჟვანიამ.

თავად კონკურსის მონაწილეებმა „ათინათს“ მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი კონკურსები მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან