დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას ფინალურ ნუსხაში

03/15/2018
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 მარტს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა ბრიფინგი, დავით გარეჯის კომპლექსის ევროპა ნოსტრას „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ საბოლოო, 7 ფინალისტს შორის მოხვედრასთან დაკავშირებით.
ბრიფინგს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი გაუძღვა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე - ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა.
ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა. შეგახსენებთ, რომ ძეგლი, 2017 წლიდან, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.
„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.


http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან