სამაშველო ოპერაცია თურქეთში


სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში გაგზავნილი მაშველები გზაში არიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს. საქართველოს მსგავსად, თურქეთს მაშველები გაუგზავნა ათეულობით სახელმწიფომ, მათ შორის აზერბაიჯანმა, საბერძნეთმა, ესპანეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა, სერბეთმა, რუსეთმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ. დაზარალებულ რეგიონებში კარვებს, საბნებს და გენერატორებს აგზავნის გერმანია. თურქეთის დასახმარებლად 10 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა ავსტრალიის მთავრობამ. თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდორანს ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენი. აშშ-მა მზადყოფნა გამოთქვა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს ნატოელ მოკავშირე თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება ამ ტრაგედიასთან გასამკლავებლად. თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ თურქეთში ადგილზე იმყოფება ამერიკის პერსონალი და ვაშინგტონი დამატებითი ჯგუფების გაგზავნის პროცესშია. სირიისთვის და თურქეთისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მზადყოფნა გამოთქვა ჩინეთმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან