მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას ხმაური მოჰყვა ზუგდიდის საკრებულოში

12/30/2016
Radio Atinati-ის მიერ

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა რეკრეაციულ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას.

საქმე ეხება, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაზე არსებული რეკრეაციული ზონის (პერსპექტიული განვითარების) სტატუსის მქონე, მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე, გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არესებული მიწის ნაკვეთისთვის (920 კვ/მ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის სტატუსის მინიჭებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც სხდომაზე აღნიშნეს ბენზინგასამართი სადგური აშენდება.

აღინიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია \"ნაციონალური მოძრაობის\" წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ქალაქის მერია ორმაგი სტანდარტებით მუშაობს და გადაწყვეტილებებს მეგობრობის მიხედვით იღებს. ბათლომე შელიას განცხადებით, რამდენიმე თვის წინ მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტო სადგურის მშენებლობაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ ზონად მიიჩნია.

შელიას თანაგუნდელმა, ანა წითლიძემ ამავე საკითხთან დაკავშირებით დასძინა, რომ ამჟამად ამ ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებული.

\"ეს ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ახლა მშენებლობის ნებართვას გავცემთ, არის შპს \"რუხის\" საკუთრება, რომელის უფროსი კობა აბრალავაა. იგი \"ქართული ოცნების\" აქტიური მხარდამჭერია და სწორედ ამის გამო აძლევან მას რეკრეაციულ ზონაში მშნებლობის ნებართვას\", - აღნიშნა წითლიძემ.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებას უსაფუძვლო და გაუგებარი უწოდა საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სადგურის აშენებაზე საუბარი არასოდეს ყოფილა და იქ მხოლოდ \"ყრუმუნჯთა საზოგადოება\" დაჯარიმდა უკანონო მშენებლობისთვის.

ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა განმარტა, რომ ეს ტერიტორია, რომელსაც რეკრეაციულ ზონას ვუწოდებთ, რეალურად ამ მიმართულებით არ ვითარდება და აქ არსებული მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია.

\"დღეს რეალობა არის სულ სხვა, ჩვენ ვხედავთ ზონას, რომელიც არ ვითარდება და დასაბამიდან დღემდე არის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. აქ, რომ რეკრეაციული ზონა შევქმნათ, მაშინ ყველას უნდა წავართვათ კერძო საკუთრება, რაც არარეალურია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხალხს ხელი უნდა შევუწყოთ განავითარონ მათი სამეწარმეო საქმიანობა\", - თქვა ეკატერინე თოდუამ.

სადაო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა საკრებულომ ცხრა ხმით, ორის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან