ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს


„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ „სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას“. ამავე განცხადებაში ხალვაში განმარტავს, რომ უკვე ეძებს კადრს, სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედიამენეჯერს, რომელიც ტელევიზიას ჩაიბარებს.

„18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა. ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული. სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება.

ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება“, – წერს ხალვაში გავრცელებულ განცხადებაში. მისივე თქმით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან