ზუგდიდში დევნილ და გამოყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ქალებს დეზინფორმაციის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

09/25/2020
Radio Atinati-ის მიერ

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია \"თანხმობის\" ორგანიზებით, ზუგდიდში 70-მდე ქალს ტრენინგი ჩაუტარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღეს.

მოწვეულმა ტრენერმა ბაჩო აბშილავამ მონაწილეებს ის მექანიზმები გააცნო, რომელიც ყალბი ახალი ამბების ამოცნობაში დაეხმარებათ. ამასთან, ისინი გაეცნენ ელექტრონული ფოსტის მართვას და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საკითხს.

\"განსაკუთრებული მწვავე პრობლემა, რომელმაც პანდემიის დროს იჩინა თავი იყო დეზინფორმაცია. ქსელის წევრმა ქალებმა გააცნობიერეს, რომ ზოგადად მედიაწიგნიერება, ამ კუთხით განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პანდემიის დროს\", - აღნიშნა ორგანიზაცია \"თანხმობის\" დამფუძნებელმა იულია ხარაშვილმა.

მისივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში \"თანხმობამ\" განახორციელა პროექტი: \"დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და გოგოების საჭიროებებზე რეაგირება COVID-19 პანდემიის პირობებში\", რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ქალების გაძლიერებას და ქმედითი ქსელის შექმნას ისახავდა მიზნად. თავის მხრივ, ქალების ქსელის ამოცანა მათი საჭიროებებისა და პრობლემების მოკვლევა და გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებაა.

\"მუშაობას ვაგრძელებთ კონფლიქტისპირა სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში, სადაც ვეხმარებით ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის შექმნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. პროექტის ფარგლებში გვინდა მივცეთ ლიდერ ქალებს უკეთესი კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ ონლაინ მუშაობა ქსელში. ტრენინგების დროს დიდი ყურადღება ექცევა კიბერუსაფრთხოებას, კომპიუტერული ძალადობისგან დაცვას. ჩვენი ტრენერი ასწავლის, როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან, რეალური და ყალბი ინფორმაცია და უსაფრთხოდ იმუშაონ სოციალურ ქსელებში. პროექტი დაეხმარება ლიდერ ქალებს ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და ჩატარებაში, რათა მოხდეს მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაწყვეტა. პროექტი ასევე ტექნიკურად უზრუნველყოფს ქსელის ფუნქციონირებას\", - ამბობს იულია ხარაშვილი.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია \"თანხმობა\" 1994 წლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ახორციელებს სასარგებლო და საინტერესო პროექტებს, რომლებიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას, მათ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან