ნივთები, რომელიც აფხაზეთს გვახსენებს - "აფხაზეთობა" ზუგდიდში

05/23/2022
Radio Atinati-ის მიერ

\"დღეს რაც აქ მოვიტანე, გაგიკვირდებათ, არის პატარა ჭიქა...თავის დროზე, როცა ვიპოვე ძალიან გამიხარდა, ავად რომ ვხდებოდი, დედა სწორედ ამ ჭიქიდან მასმევდა წყალს. ვუფრთხილდები ძალიან...\",
- ასე დაიწყო საუბარი აფხაზეთიდან დევნილმა ირუზა კაკავამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ზუგდიდში, \"აფხაზეთობის\" დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ირუზას მსგავსად, ნივთები შეხვედრაზე სხვა ქალებმაც მიიტანეს და მათთან დაკავშირებული ისტორიები ერთმანეთს გაუზიარეს.

აქ მყოფებს საკუთარ გრძნობებსა და მოგონებებზე საუბარი არ უჭირთ, თუმცა, პერიოდულად ცრემლი მაინც ერევათ.

\"მახსოვს სახლი და ეზო, ჭიშკარზე რომ მტრედებია. სტუმრიანობა იყო ხოლმე სახლში და ბევრი ბედნიერი სახე... ძალიან მინდა ჩავიდე\", - ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე.

ამ დღეს შეკრების ტრადიციაზე გვიყვება ქრისტინე კილანავა, ასოციაცია \"იმედი\" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის დამფუძნებელი. მისი თქმით, ორგანიზაცია \"აფხაზეთობასთან\" დაკავშირებულ ღონისძიებებს ყოველწიურად, სხვადასხვა სახით უერთდება, მათ შორის აწყობს შეხვედრებს, რომლებსაც სამშვიდობო კლუბის წევრები და სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარები უერთდებიან.

\"ზუგდიდში მყოფი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ასე შევუერთდით წელს ამ თარიღს. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენი კლუბის წევრებს ვთხოვეთ მოეტანათ ის ნივთები, რომლებიც მათ გადმოიტანეს აფხაზეთიდან. ნივთები რომლებიც, შეიძლება ითქვას, სიკვდილს გამოექცნენ და გააგრძელეს ცხოვრება მასპინძელ ქალაქში\", - ამბობს ქრისტინე კილანავა.

ბოლო წუთამდე არ დაუტოვებია მშობლიური სახლი ანა ემუხვარის ოჯახს. ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც მსგავს შეხვედრებში მუდმივად მონაწილეობს. იხსენებს, რომ აფხაზეთის დატოვების გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა მხოლოდ სოხუმის დაცემის შემდეგ მიიღეს.

\"ქალები და ბავშვები ერთი დღით ადრე გადმოვედით ზუგდიდში, მამა და ბაბუა კი იქ დარჩნენ. ბაბუას თავისი სახლის დატოვება არ უნდოდა...ბოლოს, 26 სექტემბერს მიტინგზეც იყო ოჩამჩირეში, რადგან ეგონა რამე იმედის მომცემს გაიგებდა, თუმცა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგ ყველაფერი აზრს მოკლებული იყო. ბაბუაჩემი, მხოლოდ მამაჩემის მუქარით, რომ თვითონაც მასთან ერთად მოკვდებოდა, დათანხმდა ზუგდიდში გადმოსვლას. უკანასკნელად დაკეტეს სახლის კარები და ღამე, ტყვიების ზუზუნის ქვეშ ყველაზე სახიფათო გზა გაიარეს...გასაღებს კი დღემდე ვინახავთ უკვე დანგრეული სახლის კარების გასაღებად\", - ამბობს ანა.

ქრისტინე კილანავას სურს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ზუგდიდში არსებობდეს მუზეუმი, რომელიც თავს მოუყრის რელიქვიებად ქცეულ ნივთებს.

\"ჩვენ გვინდა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ზუგდიდში, მასპინძელ ქალაქში, რომელიც ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზის პირველი ქალაქია, იყოს ომისა და მშვიდობის მუზეუმი, სადაც მოიყრის თავს ეს ექსპონატები. გვინდა, გამოიყოს ზუგდიდში სივრცე ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით, სადაც განთავსდებოდა ყველა ის ნივთი, რომელიც დევნილებმა გადმოიტანეს და მათთვის ძვირფასია\", - ამბობს ქრისტინე კილანავა.

23 მაისი \"აფხაზეთობის\" დღედ 2014 წელს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დააწესა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / radioatinati.ge  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან