,,ეგრისობა 2018'' | ,,ეგრისობის’’ დღესასწაული ნოქალაქევში


ეგრისობის სახალხო დღესასწაული წელს მასშტაბურია და მთელ ქალაქს მოიცავს. დღესასწაულის ძირითადი ნაწილი კი ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილი ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერებით დაიწყო. ქართული, უკრაინული და ესტონური ტრადიციების გაცოცხლება, ხალხური რეწვის ნიმუშების, ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა, ხელოვნების ცენტრის ესტონურად და უკრაინულად ამღერებული მოსწავლეები, უამრავი სტუმარი, ესტონელი და უკრაინელი მეგობრები - ,,ეგრისობის“ ერთ-ერთი ულამაზესი შემადგენელი ნაწილი იყო. სტუმრებმა პარმენ ზაქარაიას სახელობის მუზეუმი და ქუჯის ისტორიული ციხე-ქალაქი დაათვალიერეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი მათ ცივილიზაციის უძველესი ცენტრის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. ,,ეგრისობა“ არამარტო სენაკის, კოლხეთის, არამედ სრულიად საქართველოს დღესასწაულია, ამიტომაც ვართ ჩვენ აქ და ერთად აღვნიშნავთ ჩვენი კულტურისა და ტრადიციების ულამაზეს დღესასწაულს“ - ამ სიტყვებით დაიწყო გალა-კონცერტი, რომელიც ლეგენდარული ,,ქართული ხმების“ სოლისტს, ზურა ბაკურაძეს მიჰყავდა. ასევე სიმბოლურია, რომ გალა-კონცერტი ენგურსიქითა საქართველოს - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა დაამშვენა, რაც ჩვენი არსობრივი, სისხლხორცეული ერთიანობის უწყვეტობაზე და მომავალ რეალურ გამთლიანებაზე მიგვითითებს. მეგრულად ამღერებულმა ,,ქართულმა ხმებმა“, სოფო ბედიამ, ,,კოლხურმა ტრიომ“ და ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,კავკასიონმა“ იქ მყოფთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. მსმენელთა წინაშე წარსდგნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეები, საბავშვო და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული, ნომინაცია ,,საუკეთესო სოლისტის“ მფლობელი რატი სიმონია და საქართველოს ,,არტ-აკადემიის“ სტიპენდიანტი გიორგი ცისკაძე. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს ტრადიციულად წარუდგინა სენაკის საპატიო მოქალაქეები. საპატიო სენაკელი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხუთი ადამიანი გახდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით. საპატიო სენაკელის წოდება მიენიჭათ: რეგიონალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების მრავალგზის ლაურეატს, დამსახურებული და საუკეთესო პედაგოგის წოდებების მფლობელს რუსუდან მილიუტინს; საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, ღირსების ორდენის კავალერს, არაერთი პრემიის ლაურეატს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ვაჟა დანელიას; ცნობილ ექიმს გიორგი (გოგი) კალანდარიშვილს; საქართველოს დამსახურებულ მშენებელს, ღირსების ორდენის კავალერს რაულ ოდიშარიას; ქალაქის კოლორიტს, დამსახურებულ ინჟინერს, ალექსანდე (კუკური) ჩაჩიბაიას. სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე ესტონეთის კონსულმა იურგო ლოომ და უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვის მერმა გენადი დიკმა სენაკთან ათწლეულების მჭიდრო და მრავალმხრივ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სიმბოლურად, ესტონეთთან და უკრაინასთან მეგობრობის დასტურსაყოფად, ქორეოგრაფიული ანსამბლების ,,კოლხისა“ და ,,კუჩხიბედინერის“ მოცეკვავეებმა ესტონური და უკრაინული ცეკვები შეასრულეს. ,,ეგრისობა - 2018“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

იხილეთ Facebook -
https://goo.gl/QiTLCi

ვიდეოები „Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან