საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში


შენობა, სადაც საერთაშორისო მედიის, მათ შორის „ასოშიეტიდ პრესისა“ და „ალ ჯაზირას“ ოფისებია განთავსებული, დაიბომბა. ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა, სადაც ასევე საცხოვრებელი ბინებიც მდებარეობდა, მთლიანად ჩამოინგრა. მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია, ერთი საათით ადრე განხორციელდა.

ექვსდღიანი დაპირისპირების შედეგად, ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 139-მდე გაიზარდა. მათ შორის 39 ბავშვი და 22 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა 1000-ს აღემატება.  ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია მოძრაობა „ჰამასის“ ათობით მებრძოლი.

პალესტინური მხარის ცნობით, მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმას ორი ოჯახის შვიდი წევრი შეეწირა. გადარჩა მხოლოდ ხუთი თვის ჩვილი, რომელიც ნანგრევებში იყო მოყოლილი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ღაზაში ეგვიპტემ სასწრაფო დახმარების ათი ეკიპაჟი გაგზავნა. დაშავებულები ეგვიპტის საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

ისრაელის მხარე იუწყება, რომ გასული ღამის განმავლობაში აშდოდისა და ბეერ-შევას მიმართულებით, ღაზას სექტორიდან 200-მდე რაკეტა გაუშვეს. ბეერ-შევაში იერიშის შედეგად დაშავებული 19 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

მოძრაობა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ვითარების ესკალაციის გამო, თელ-ავივში ჩავიდა შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჰადი ამრი. ამერიკელი დიპლომატი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან