პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

10/03/2016
Radio Atinati-ის მიერ

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და \"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს\" შორის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

შეხვედრას, რომელიც მომავალი პორტის ტერიტორიაზე შედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი,
\"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის\" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე ჰოლანდიური საზღვაო-საინჟინრო კომპანიის \"Van Oord\" რეგიონული დირექტორი გოვარტ ვან ოორდი დაესწრნენ.

დღესვე ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას \"ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა\" და კომანია \"Van Oord\" - ის შორის.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრი იქნება რეგიონში. მისი თქმით მშენებლობის პირველი ფაზა 580 მილიონ დოლარს მოიცავს. მან აღნიშნა, რომ პორტის ტერიტორიაზე აშენდება ტრენინგ ცენტრი, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები გადამზადდებიან შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

\"ინვესტორი კომპანია ვალებულებას იღებს საკუთარი ხარჯებით ააშენოს ამბულატორია, საბავშვო ბაღი და ბიზნეს ცენტრი\".

\"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის\" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან იწყება პორტის, ინდუსტრიული ზონის და ქალაქ ანაკლიის მშენებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისა და აფხაზი ძმების კეთილდღეობისთვის კეთდება.

\"ანაკლია 3 წელიწადში მიიღებს პანამაქსის ტიპის გემს\".

\"კონტი ჯგუფის\" პრეციდენტის კურტ კონტის შეფასებით, ანაკლია ბიზნესის წარმოებისთვის კარგი გარემოა და პორტი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

\"Van Oord\"-ის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მისი კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩაერთო. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილი, კარგი პარტნიორები და გუნდი, ასევე, რეგიონისა და პორტის უდიდესი პოტენციალი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის ტერიტორია ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 52 წლიანი აღნაგობის ვადით გადაეცა.

პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან